Site icon Civil.ge

ევროპარლამენტმა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა 21 იანვარს მიიღო რეზოლუცია, სადაც მიესალმება საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის გზაზე და იმედოვნებს, რომ უვიზო რეჟიმი გადაუდებლად მიენიჭება მას, თუმცა ამავე დროს, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მედია პლურალიზმი, მართლმსაჯულების მეტი დამოუკიდებლობა და თავიდან აიცილოს პოლიტიკური პოლარიზაცია. 

რეზოლუცია „ასოცირების შეთანხმებები/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეები საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან“, რომლის მიღებასაც ერთი დღით ადრე დებატები უძღოდა წინ, სამივე პარტნიორი ქვეყანის ევროპულ მისწრაფებებს აღიარებს და რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

საქართველოსთან მიმართებაში, რეზოლუცია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებში პროგრესს მიესალმება და „საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ კუთხით გამოვლენილ ვალდებულებებს აქებს“.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „ელის [ევროპული] საბჭოსგან და წევრი ქვეყნებისგან, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს გადაუდებლად მისცემენ ორ ქვეყანას [საქართველოს და უკრაინას]“.

აღნიშნავს რა მედიის თავისუფლების მნიშვნელობას, რეზოლუცია წუხილს გამოთქვამს „იმ არასახარბიელო ეფექტის გამო, რასაც „რუსთავი 2“-ის მსგავსი საქმეები ახდენენ მედია პლურალიზმზე“ და მოუწოდებს ხელისუფლებას „უზრუნველყოს მედია პლურალიზმი, სარედაქციო დამოუკიდებლობა და მედია მფლობელობის გამჭვირვალეობა, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“.

დოკუმენტი მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მთავრობის იმ შეთავაზების მიმართ, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლეებისგან შემდგარი მაღალი დონის საექსპერტო მისიის მოვლინებას ისახავს მიზნად „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მიმდინარე სასამართლო დავის მონიტორინგისთვის.

ხაზგასმულია რა, რომ სასამართლო პროცესები უნდა იყოს „გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და პოლიტიკური მოტივაციისაგან თავისუფალი“, დოკუმენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს, რომ „განაგრძოს და სრულყოფილად განახორციელოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, მათ შორის მისი დამოუკიდებლობის გაძლიერების და პროკურატურის დეპოლიტიზაციის კუთხით“.

„[ევროპარლამენტი] შეშფოთებული რჩება პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმის გამო, რომლის საფუძველზეც პროკურორები და გამომძიებლები ინიშნებიან; მოუწოდებს განაგრძოს მცდელობები  სრული დამოუკიდებლობის, ეფექტურობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის მისაღწევად სასამართლო სისტემაში, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ახლად შექმნილ  [სახელმწიფო] უსაფრთხოების სამსახურში, მათ შორის ამ ორი უკანასკნელის საქმიანობაზე საპარლამენტო მეთვალყურეობის გზით; წუხილს გამოთქვამს წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენების გამო, განსაკუთრებით პოლიტიკური ფიგურების და აქტივისტების მიმართ, რაც გამონაკლისი ზომა უნდა იყოს, რომელიც მხოლოდ გადაუდებელი და მკაფიო აუცილებლობის პირობებში უნდა იქნას გამოყენებული“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ახსენებს რა ვენეციის კომისიის განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ განხორციელებულ „შეუსაბამო ზეწოლაზე“, რეზოლუცია პროექტი მოუწოდებს მთავრობას „შესაბამისი ქმედებები განახორციელოს, მათ შორის მიიღოს ადეკვატური ზომები სასამართლოს წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების დასაცავად, სრულად გამოიძიოს დაშინების ყველა შემთხვევა და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს“.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ „ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა სწრაფად და ზედმიწევნით უნდა იქნას გამოძიებული“; დოკუმენტი მოუწოდებს „ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში გააუმჯობესოს პოლიტიკური კლიმატი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის თავიდან არიდების გზით და უზრუნველყოს პარტიათა შორის დიალოგი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების ინტერესებიდან გამომდინარე“.

რეზოლუცია სამართლებრივ და საკონსტიტუციო რეფორმის, ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოში ევროკავშირის მაშინდელი სპეციალური მრჩევლის თომას ჰამარბერგის მიერ 2013 წელს მომზადებულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების სრულად შესრულებისკენაც მოუწოდებს. დოკუმენტში ასევე მოხსენებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა, რამაც „არსებითად გაზარდა გამჭირვალობა, ეფექტურობა და ანგარიშვალდებულება – კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეს წამყვანი ფაქტორები“.

იმავდროულად, რეზოლუცია იმეორებს მხარდაჭერას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოუწოდებს „რუსეთის ფედერაციას დაასრულოს ყირიმის ოკუპაცია და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა პირდაპირი თუ ირიბი ჩარევა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში, ისევე როგორც საქართველოსა და მოლდოვაში არსებულ გაყინულ კონფლიქტებში“.