Site icon Civil.ge

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, „გაზპრომთან“ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის

ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, რომელიც 20 იანვარს ვენაში „გაზპრომ ექსპორტის“ გენერალურ დირექტორს შეხვდა, განაცხადა, რომ რუსულ ენერგო გიგანტთან მოლაპარაკებები გრძელდება, რადგან ჯერ გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება მიღწეული არ არის.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ის „გაზპრომთან“  მოლაპარაკებებს საქართველოს გავლით რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის პირობებზე აწარმოებს – „გაზპრომს“ სურს, რომ ტრანზიტის საფასური საქართველოს გადაუხადოს არა გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის სახით, არამედ ფინანსური ფორმით. მოლაპარაკებები ასევე მოიცავს „გაზპრომისგან“ დამატებითი გაზის შესაძლო შეძენის საკითხსაც, რათა შეივსოს ის დეფიციტი, რომელიც ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარების გამო არის მოსალოდნელი.

„მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. ჯერ საერთო შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ… ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ალბათ დავასრულებთ მოლაპარაკებებს“, –  განუცხადა კალაძემ 22 იანვარს ჟურნალისტებს.

მან კომენტარი საქართველოში ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კალაძემ განაცხადა, რომ ევროპელ დიპლომატს „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ამას გინდ ულტიმატუმი დავარქვათ, გინდ მოთხოვნა დავარქვათ [„გაზპრომის“ მხრიდან], საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ მოხდეს გატარების თანხობრივი ანაზღაურება“,  – განაცხადა მან და დასძინა, რომ ქართულ მხარეს სურს იმგვარ შეთანხმებას მიაღწიოს, რომ „ჩვენ მივიღოთ იგივე შედეგი, რასაც ვიღებდით ნედლეულის მიღების შემთხვევაში და ასევე გვქონდეს შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში წამოვიღოთ იმდენი მოცულობის ბუნებრივი აირი, რამდენიც იქნება მოთხოვნა ქართულ ბაზარზე“.

მანამდე კვირის დასაწყისში „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში კალაძე აცხადებდა, რომ საქართველოსთან ტრანზიტის ახალ პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, „გაზპრომი“ იმაზეც მიანიშნებდა, რომ სომხეთის გაზმომარაგებას ირანიდან შეძლებდა. მისი თქმით, მართალია ამგვარი სცენარის დაუყოვნებელი განხორციელება შეუძლებელია მანამ, სანამ იმ მილსადენის გამტარუნარიანობა არ გაიზრდება, რომლის მეშვეობითაც სომხეთი ირანულ გაზს ელექტროენერგიის მიწოდების სანაცვლოდ იღებს.

„გაზპრომთან“ ხელისუფლების მოლაპარაკებები ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე გახდა, რადგან ოპონენტები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა რუსეთზე საქართველოს ენერგო დამოკიდებულება გაზარდოს  და უარყოფითად იმოქმედოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე, რომლისგანაც საქართველომ 2015 წელს მოხმარებული გაზის 88.5% მიიღო.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ რამდენჯერმე დაიბარა ენერგეტიკის მინისტრი, რათა მისი ინფორმაცია მოესმინა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ; ამ დრომდე კალაძეს მათი ეს მიმართვა არ დაუკმაყოფილებია. ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე მიმართა თხოვნით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვევის შესახებ, „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებზე სამსჯელოდ.

„ამ კონკრეტულ თემაზე მზადყოფნას გამოვთქვამ შეხვედრისთვის და ასევე პარლამენტშიც. ცხადია ახლა მათ [ნაციონალურ მოძრაობას] უნდათ შოუს დადგმა, მე თანახმა ვარ მივიღო მონაწილეობა ამ შოუში, თუმცა როდესაც დრო მექნება, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვაცნობებ მათ და არა როდესაც ბატონი [დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ] წიკლაური ნაბახუსევზე გაიღვიძებს და მოინდომებს კალაძის მისვლას პარლამენტში. ამას მე გადავწყვეტ, როდის უნდა მივიდე“,  – განუცხადა ღიმილით კალაძემ ჟურნალისტებს.