პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მიესალმება რა რეზოლუციის მიღებას, აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ევროპარლამენტი „კვლავაც დარჩეს ჩვენს მტკიცე მხარდამჭერად“.
ევროპარლამენტარებმა საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებების განხორციელების შესახებ რეზოლუცია 21 იანვარს მიიღეს, რომელშიც სამივე პარტნიორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები აღიარეს და რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდეს.
„განსაკუთრებით ვაფასებთ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის დადასტურებას ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად. ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება საქართველოს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასოცირების შეთანხმება არ არის ჩვენი პროგრესული ურთიერთობების საბოლოო ეტაპი და კიდევ ბევრის მიღწევა შეგვიძლია ამ მიმართულებით“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის წერილობით განცხადებაში, რომელიც 22 იანვარს გამოქვეყნდა.
პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის ევროპარლამენტარებს „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისთვისაც“.
რეზოლუციის მიღების წინა დღეს გამართული დებატების დროს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განუცხადა ევროპარლამენტარებს, რომ საქართველომ "შთამბეჭდავ“ პროგრესს მიაღწია რეფორმებში და „იმაზე შორს წავიდა“, ვიდრე ამას ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანები ითვალისწინებდა.
„ველით, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით, რაც ხელშესახებ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს და ასევე, მეტ შესაძლებლობას მისცემს ბიზნეს საზოგადოებას, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეებს, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით", – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ის ასევე აცხადებს, რომ სრულად იზიარებს მოწოდებას პოლიტიკური პოლარიზაციისა და დაძაბულობის შემცირების თაობაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრად დამტკიცების დროს თავადაც ისაუბრა და იმედს გამოთქვამს, რომ „ოპონენტები გამონახავენ ჩვენთან თანამშრომლობის გზებს ისეთ ძირითად საკითხებზე, რომლებიც გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“.
„ჩვენი მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია 2016 წლის არჩევნების თავისუფალ, ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ჩვენი დემოკრატიის სიმწიფეს", – ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი თავის განცხადებაში იმ წუხილებსაც პასუხობს, რომლებიც საქართველოში მედიის თავისუფლების, მართლმსაჯულების სისტემის და პროკურატურის რეფორმის კუთხით არის რეზოლუციაში გამოთქმული და აღნიშნავს, რომ გარკვეული ძალისხმევა პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად უკვე განხორციელდა.
ამ ნაბიჯებს შორის გიორგი კვირიკაშვილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შემოღებას, იუსტიციის საბჭოს რეფორმას და მედიისთვის სასამართლო სხდომების გასაჯაროებას ასახელებს; პროკურატურის კუთხით ის შემოდგომაზე მიღებულ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე მიუთითებს, რომლის საფუძველზეც ახალი წესით უკვე აირჩიეს მთავარი პროკურორი; წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებულ გამოყენებაზე ევროპარლამენტარების წუხილზე პრემიერ-მინისტრს ის საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყავს, რომელიც წინასწარი პატიმრობის პერიოდულად გადასინჯვის ახალ წესებს განსაზღვრავს.
რეზოლუციის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ განხორციელებულ „შეუსაბამო ზეწოლაზეა“ საუბარი, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთი „საკამათო“ გადაწყვეტილების გამო გამართულ „სპონტანური სახის საპროტესტო აქციებთან“ დაკავშირებით, „საქართველოს მთავრობამ შეძლო კანონის სათანადოდ აღსრულების, მოსამართლეთა უსაფრთხოების, ისევე როგორც მშვიდობიანი პროტესტის უფლების დაცვის უზრუნველყოფა".
თავის წერილობით განცხადებაში გიორგი კვირიკაშვილი ასევე აცხადებს, რომ მედიის თავისუფლება და პლურალიზმი, რისი უზრუნველყოფისკენაც მთავრობას ევროპარლამენტარები „რუსთავი 2“-ის მაგალითის გათვალისწინებით მოუწოდებენ, ხელისუფლების „დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის პრიორიტეტია“.
„ამჟამად, საქართველოში მედიასივრცე ისეთივე თავისუფალია, როგორც ბევრ სხვა შემდგარ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ჩვენ, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვსარგებლობთ პლურალისტური მედიაგარემოთი, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და პოლიტიკური ჩარევისგან, რაც შეეხება სატელევიზიო არხ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ დავას, რომელმაც წარმოშვა გარკვეული კითხვები ქართულ საზოგადოებაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ შელახულიყო კანონიერი საკუთრების უფლება, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია, და სასამართლო პროცესი ყოფილიყო დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა გიორგი კვირიკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ „ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“ იმისათვის, რომ საქართველო „ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო“ გახდეს.
„ამ პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტმა განაგრძოს საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის მონიტორინგი და კვლავაც დარჩეს ჩვენს მტკიცე მხარდამჭერად", – ნათქვამია მის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი მადლიერებას გამოხატავს ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროპარლამენტის "ურყევი მხარდაჭერის" გამო.