Site icon Civil.ge

უსუფაშვილი პოლონეთის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს მარეკ კუჩინსკის 24 იანვარს ევროპა-უკრაინის მეცხრე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა, რომელსაც პოლონეთის ქალაქი ლოძი მასპინძლობს.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, უსუფაშვილმა „ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარწმუნებულია [პოლონეთის] ახალი მთავრობის პირობებში, პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება… პოლონეთი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას გააგრძელებს“.

24 იანვარს უსუფაშვილმა ასევე სიტყვით მიმართა ევროპა-უკრაინის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს და განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ევროპული არჩევანი „ეგზისტენციალურია“; მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილება აჩვენებს, რომ რეფორმების პროცესში უკრაინამ სწორად უნდა განსაზღვროს პრიორიტეტული მიმართულებები და მათ შორის წამყვანი ადგილი უნდა მიანიჭოს კანონი უზენაესობას, რათა „არ დაიკარგოს რეფორმების დაუსრულებელ წრეში“.