პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 25 იანვარს არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების იმ ჯგუფს შეხვდა, რომელიც წელიწადზე მეტია საარჩევნო გარემოს საკითხების განსახილველად ამგვარი აუდიენციისკენ მოუწოდებდა.
„ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ იმისათვის, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩართულობა იყოს გაცილებით უფრო მაღალი, გვინდა, რომ დავამკვიდროთ ურთიერთობის მაღალი კულტურა, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში. ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს მთელს მსოფლიოში, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილიზებულად ვისაუბროთ ერთმანეთთან და არა მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ მოვისმინოთ ერთმანეთის და ჩავატაროთ მართლაც და სამაგალითო არჩევნები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა შეხვედრის დასაწყისში და დასძინა, რომ ამას „ძალიან დიდი მნიშვნელობა“ აქვს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში.
„უბრალოდ იმისთვისაც აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთის მოვისმინოთ. რაღაც შეიძლება გავითვალისწინოთ, რაღაც შეიძლება – არ გავითვალისწინოთ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთ და გადავიდეთ საუბრის ფორმატში“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც წინამორბედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით, შეხვედრისკენ მოწოდებას დადებითად გამოეხმაურა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა მოგვიანებით გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნა, რომ ინტერპარტიულ ჯგუფთან დიალოგის ფორმატი გაგრძელდება.
„ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას დააყენეს მოთხოვნა მაჟორიტარული სისტემის არა – 2020, არამედ 2016 წლისთვის გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე ამ თემაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა“, – ნათქვამია პრესრელიზში, "პრემიერის განცხადებით, აღნიშნული საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებზე კოალიცია იმსჯელებს და გადაწყვეტილება გუნდურ რეჟიმში იქნება მიღებული“.
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს პრემიერთან გამართული შეხვედრა და თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.
„შეიქმნება უხლოეს დღეებში ფორმატი, რომელიც საარჩევნო გარემოს ყველა პრობლემატურ საკითხს გახდის მსჯელობის საგნად – დაწყებული [საარჩევნო] სიტემიდან დამთავრებული სხვა საკითხებით“, – განუცხადა ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძე ჟურნალისტებს.
არასაპარლამენტო პარტიების ეს ჯგუფი, საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან – ნაციონალურ მოძრაობასთან და „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად, რომელთა წარმომადგენლებიც პრემიერთან დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებიან, დიდი ხანია კამპანიას ატარებს საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით.
საქართველოში ამჟამად შერეული სისტემა მოქმედებს, სადაც 73 დეპუტატი 150–წევრიან პარლამენტში მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული სისტემით ნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.
ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, შერეული სისტემა ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ამომრჩეველთა ნება მანდატებში სრულფასოვნად აისახოს. პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს ასევე პრეზიდენტი მარგველაშვილიც.
ოპოზიციის წინადადებები ასახულია კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტში, რომელიც პარლამენტს 200 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერით წარედგინა და რომლის ერთთვიანი საერთო-სახალხო განხილვის პროცედურა 25 იანვარს შემაჯამებელი სხდომით დასრულდა.
ამ ინიციატივის თანახმად, 150-წევრიან პარლამენტში ნახევარი უნდა აირჩეს პროპორციული წესით, ხოლო დარჩენილი 75 მანდატი გადანაწილდეს სამხარეო პროპორციული სისტემით, რაც რეგიონებში ცალკე წარდგენილი პარტიული სიებისთვის ხმის მიცემას გულისხმობს.
ქართული ოცნების მმართველი კოალიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2016 წლის არჩევნებისთვის არ თანხმდება და სანაცვლოდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სთავაზობს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომლის პროექტიც ხელისუფლების მიერ არის ინიცირებული.
ამასთან, მმართველმა კოალიციამ დეკემბერში საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული ოლქების საზღვრების იმგვარად შესაცვლელად, რომ მათ შორის ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით არსებული დისბალანსი აღმოიფხვრას და ოლქების მეტ-ნაკლები გათანაბრება მოხდეს.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 25 იანვარს გამართულ შეხვედრაზე, სავარაუდოდ ამ ცვლილებებზე მინიშნებით, განაცხადა, რომ „რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა“ საარჩევნო გარემოს კუთხით და ასევე იგეგმება სხვა ცვლილებებიც, მათ შორის სამხედრო ნაწილებში არსებული ე.წ. სპეცუბნების გაუქმება.
პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ არსებობს შანსი იმისა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ 2016 წლის არჩევნებისთვის მიიღოს.
„ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს ამ ყველაფრის გატანას პრემიერ-მინისტრი უკვე თავის კოალიციაში განხილვის შედეგად“, – განაცხადა ქარდავამ.
„რაც შეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ჩვენ მივიღებთ პასუხს პრემიერ-მინისტრისგან, რომელიც გაივლის კონსულტაციებს თავის გუნდთან და ამ შესაძლებლობების რეალობას წარმოაჩენს“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ახვლედიანმა, ნინო ბურჯნაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა.
პარტია „რეფორმატორების ლიდერმა ირაკლი ღლონტმა განაცხადა, რომ მან გიორგი კვირიკაშვილს შესთავაზა, რომ საარჩევნო საკითხებზე სასაუბროდ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მოწყობაში დაეხმაროს, რადგან „მის სიტყვას ბევრი ადამიანი უსმენს ხელისუფლებაში“.
კახა კუკავას პარტია თავისუფალი საქართველოს წევრმა ბეჟან გუნავამ განაცხადა, რომ „ეს არ იყო შეხვედრა შეხვედრისთვის“ და დასძინა, რომ „სერიოზული განწყობაა პრემიერ-მინისტრის მხრიდან თანამშრომლობასთან დაკავშირებით“.
ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ განცხადებები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა მაჟორიტარული სისტემა 2016 წლის არჩევნებისთვის გაუქმდეს, „არასწორია“ და „საზოგადოებას შეიყვანს შეცდომაში“.
„სისტემა, რომელზეც შევჯერდით და შევიმუშავეთ, არის ჩამოყალიბებული და მართებული“, – განაცხადა მან ქართული ოცნების მიერ ცოტა ხნის წინ მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებზე, „მე ვფიქრობ, რომ სამართლიანი სისტემაა – შეესაბამება ვენეციის კომისიის და საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს“.