Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 26 იანვარს თვრამეტამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მესამე სექტორთან მთავრობის მეტი ჩართულობის პირობა დადო.

„ამ შეხვედრის მიზანი არის, რომ მაქსიმალურად გახსნილად ვილაპარაკოთ ერთმანეთთან იმ აქტუალური საკითხების შესახებ, რომელიც შეიძლება ყველა ჩვენთაგანს აწუხებდეს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა თავის მისასალმებელ სიტყვაში, „ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო გამჭირვალე იყოს მმართველობა საქართველოში, ჩართულობა საზოგადოების სხვადასხვა ფენების იყოს კიდევ უფრო მაღალი ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.   

„არასამთავრობო სექტორის ჩართულობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მან, „მინდა, ვისაუბროთ გულწრფელად, გულახდილად ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის არის აქტუალური“.

შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საკითხთა ფართო სპექტრი იქნა განხილული, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, სასამართლო სისტემაში შემდგომი რეფორმების საჭიროება; ასევე წინადადებები ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის თაობაზე „ელიტურ კორუფციასთან“ საბრძოლველად და დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის შექმნაზე, რომელიც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს დამოუკიდებლად გამოიძიებს.  შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ასევე განხილული იქნა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული საკითხები,  ევროინტეგრაციის პროცესის თაობაზე ცნობადობის ამაღლების კამპანიაში თანამშრომლობის გეგმები და ეკონომიკური განვითარების ხედვები.