საქართველოს მაჩვენებელი საერთაშორისო გამჭირვალობის ყოველწლიურ კორუფციის აღქმის ინდექსში უცვლელი დარჩა.
2015 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში, რომელიც 27 იანვარს გამოქვეყნდა, საქართველოს 52 ქულა აქვს, რაც 2014 წლის მაჩვენებლის იდენტურია.
ქვეყნების შეფასება 0-დან (ყველაზე მეტად კორუმპირებული) 100-მდე (ყველაზე სუფთა საჯარო სექტორი) შკალაზე ხდება.
ამ შკალაზე საქართველოს მაჩვენებელი 2012 წელს იყო 52, 2013 წელს – 49 და 2014-15 წლებში კვლავ 52.
„ვინაიდან, კორუფციის აღქმის ინდექსის მეთოდოლოგიის თანახმად, ქვეყანაში კორუფციის აღქმის დონის მნიშვნელოვან ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ მისი მაჩვენებლის 4 ან მეტი ქულით მატების ან კლების შემთხვევაში შეიძლება, ეს შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ბოლო ოთხი წლის მანძილზე სტაბილურია და ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი ან უკუსვლა არ მომხდარა“, – განაცხადა საეთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ.
არსებული 52 ქულით საქართველო ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანას უსწრებს, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა და ის ასევე უკეთეს პოზიციაზეა, ვიდრე ევროკავშირის წევრი უნგრეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია და რუმინეთი.
კორუფციის აღქმის ინდექსში, საქართველო 52 ქულით 48-ე ადგილზეა 168 ქვეყანას შორის.
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ, რომელიც საერთაშორისო გამჭირვალობის გლობალური ქსელის წევრია, განაცხადა, რომ საქართველომ 2015 წელს რიგი ნაბიჯები გადადგა ანტიკორუფციული პოლიტიკის გასაუმჯობესებლად, მათ შორის დაამტკიცა განახლებული ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც 2017 წლიდან თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ამოქმედებას გულისხმობს; და გააუმჯობესა მამხილებელთა დაცვის კანონმდებლობა.
თუმცა, ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ „შემდგომი პროგრესისთვის“ აუცილებელია „ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა“.
ამ საკითხებს შორის ჩამოთვლილია: სახელმწიფო ინსტიტუტებზე „არაფორმალური გავლენის“ აღმოფხვრა; დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა, რომელიც კორუფციის კომპლექსური ფორმების, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის პრევენციისთვის აუცილებელი უფლებამოსილებებითა და რესურსებით იქნება აღჭურვილი; ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის პრევენციისთვის გამიზნული საკანონმდებლო ნორმების პრაქტიკაში აღსრულების მექანიზმების შექმნა; დამოუკიდებელი, პროფესიონალური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება; საჯარო სამსახურში თანამშრომელთა მიღება-დათხოვნის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებსა და ნეპოტიზმს; ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და პოლიტიკურად მოტივირებული ჩარევის გამორიცხვა იმგვარი საზედამხედველო და მარეგულირებელი ინსტიტუტების საქმიანობაში, როგორიცაა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, კონკურენციის სააგენტო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საჯარო სამსახურის ბიურო; სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვების მეტისმეტად მაღალი ხვედრითი წილის შემცირება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)