Site icon Civil.ge

საქართველო ‘აქტიურად ითანამშრომლებს’ ICC-ისთან 2008 წლის ომის გამოძიების პროცესში

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თბილისი „აქტიურ თანამშრომლობას“ გააგრძელებს ჰააგაში განთავსებულ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან (ICC), რომელმაც თავის პროკურორს თანხმობა მისცა 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მისი მიმდინარეობისას და დამთავრების შემდეგ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების დაწყებაზე.

„მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მთლიანად ეს საქმე, ამ ნებართვის შედეგად, მოექცევა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში, ეს იქნება სამართლებრივი პროცესი, რომლის განმავლობაშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად, როგორც დღემდე, ვითანამშრომლებთ ჰააგის პროკურორთან [ფატუ ბენსუდასთან]“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა 28 იანვარს. 

„ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვიქმნის კარგ საფუძველს, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ, დამატებით ინფორმაციას მივაწვდით [ICC-ის პროკურორს] ერთი თვის მანძილზე   – ეს არის ვადა, რომელიც ჩვენ, იუსტიციის სამინისტროს ქალბატონმა ბენსუდამ გუშინ მოგვცა, ისევე როგორც რუსეთის მხარეს… იმისათვის, რომ მან ეფექტური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიება შეძლოს“, – განაცხადა მან. 

„ჩვენ შევისწავლეთ ეს გადაწყვეტილება და მიგვაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და არის შესაბამისობაში საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან“, – განაცხადა წულუკიანმა.

მან გადაწყვეტილების იმ ნაწილზე მიუთითა, სადაც ICC-ის მოსამართლეთა პალატა ეთანხმება პროკურორს, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი „არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის არის საქართველოს ნაწილი“ – შესაბამისად, წულუკიანის თქმით, „ის [ICC] არ და ვერ მიიღებს მხედველობაში იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, რადგან სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის“.

იუსტიციის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა გადაწყვეტილების იმ მონაკვეთებსაც, რომელიც ცხინვალის რეგიონში ეთნიკურ ქართველებზე თავდასხმებს ეხება და „როგორც ჩანს ეს ყველაფერი – ქართველების ეთნიკური წმენდა – მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას, რათა სამხრეთ ოსეთს მიეღწია დამოუკიდებლობისთვის და რათა გაწყვეტილიყო საბოლოოდ სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის კავშირი“.

წულუკიანი ასევე მიესალმა იმ ფაქტს, რომ გამოძიება დაფარავს დროის იმ მონაკვეთს, რომელიც ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვით ადრე, 2008 წლის 1 ივლისიდან იწყება და 2008 წლის 10 ოქტომბერს სრულდება, როდესაც რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალები იმ ტერიტორიებიდან გაიყვანა, რომლებიც მას სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიღმა ჰქონდა ოკუპირებული.

იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ICC–ის გამოძიების პარალელურად, საქართველომ უნდა განაგრძოს „ოს დებთან და ძმებთან ნდობის აღდგენის პროცესი“.

„ამ გამოძიებამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს იმაში, რომ ჩვენ ვაშენოთ ისეთი ერთიანი ქვეყანა, სადაც ასეთი შეტაკებები, ეთნიკური წმენდები აღარასოდეს მომავალი თაობების დროს აღარ იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა.

გამოძიების დაწყების თაობაზე ICC–ისადმი თავის თხოვნაში, რომელიც 2015 წლის  ოქტომბერში იქნა წარდგენილი, პროკურორი ფატუ ბენსუდა შემდეგ სავარაუდო, თუმცა „დასაბუთებულად მიჩნეულ" დანაშაულებზე მიუთითებდა:

საქართველო, როგორც რომის სტატუტს მიერთებული ქვეყანა, რომლის საფუძველზეც ICC ჩამოყალიბდა, ვალდებულია სრულად ითანამშრომლოს ICC-თან – ეს ვალდებულება არ ვრცელდება რუსეთზე, რადგანაც ის ICC–ის წევრი არ არის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)