Site icon Civil.ge

გრიპის ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა იანვარში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, H1N1 ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა – ერთი თბილისში და მეორე აჭარის რეგიონში.

ბოლო ორმა ლეტალურმა შემთხვევამ გრიპის ვირუსით გამოწვეული მსხვერპლი იანვარში 6-მდე გაზარდა (5 ადამიანი H1N1 ვირუსით, ხოლო ერთი H3N2 ვირუსით გარდაიცვალა).

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, იმის მიუხედევად, რომ გრიპით დაავადებამ იმატა, მისი გავრცელების ინტენსივობა „ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს“. 

2016 წლის მე-3 კალენდარული კვირის მდგომარეობით, გრიპის 332  შემთხვევა ფიქსირდება 100 000 ადამიანში – გრიპის გავრცელების ეპიდემიური ზღურბლი კი არის 450-500 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე.

იმ საჯარო სკოლების ოდენობა, სადაც სწავლა გრიპის ვირუსის გავრცელების გამო ორშაბათამდე შეწყდა, 28 იანვრის მდგომარეობით, 267-მდე გაიზარდა.

ამავე მიზეზით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ასევე დაიხურა ორშაბათამდე.

დამატებით 200-მდე სკოლაში, ძირითადად გურიისა და აჭარის რეგიონებში, სასწავლო პროცესი დიდთოვლობის გამო არის შეჩერებული.