პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელმძღვანელობით 29 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ასევე დაესწრო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადება და ქართველი სამხედროების საერთაშორისო მისიებში, განსაკუთრებით კი ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში მონაწილეობა მთავარი განსახილველი თემები იყო სხდომაზე.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის წინ კვირიკაშვილის დასწრება-არ დასწრების საკითხი აქტიურად განიხილებოდა მედიაში იმ გამოცდილების ფონზე, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მისი მმართველობის დროს უშიშროების საბჭოს მხოლოდ ერთ შეკრებას დაესწრო და ორჯერ არ გამოცხადდა, რაც ოპონენტებმა პრეზიდენტის მიმართ უპატივცემულობად შეაფასეს.
27 იანვარს, როცა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ კვირიკაშვილის უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრება დააანონსა, ასევე განაცხადა: „მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუციების პატივისცემა და მსგავსი [პრემიერ-მინისტრის უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრების თუ არ დასწრების] საკითხები განხილვის საგანი აღარ უნდა გახდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლებას ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი.
„საუბარი იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ განმტკიცებაზე, ნატოსთან უფრო ღრმა ინტეგრაციის გზით. ასევე, ვისაუბრეთ ავღანეთში, გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის კუთხით შემდგომ თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით, თავდაცვის მინისტრს ეთხოვა, განაგრძოს კონსულტაციები პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე „ჩვენ ნათლად განვსაზღვრეთ შემდგომი ნაბიჯები და კოორდინაციის პროცესი“ ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
სხდომის სხვა მონაწილეებს შორის იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი.