აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR–მა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კონსორციუმთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ საქართველოს გაზმომარაგება ზამთრის პერიოდში 50 მლნ კუბური მეტრით იზრდება.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაზის ყოველდღიური მოწოდება 3 მილიონიდან 3.2 მლნ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმ დეფიციტს შესავსებად, რომელიც ზამთარში გაზრდილი მოხმარების გამო იქმნება.
საქართველო გაზს აზერბაიჯანის ორი წყაროდან იღებს – ერთია SOCAR-ის მართული გაზსადენით მოწოდებული მოცულობები და მეორეა BP-ის მართული სამხრეთ კავკასიური მილსადენი, რომელიც შაჰ-დენიზიდან გაზის თურქეთში ტრანსპორტირებას საქართველოს გავლით უზრუნველყოფს. ამ ორმა წყარომ 2015 წელს საქართველოს მთლიანი გაზმომარაგების 88.5% შეადგინა.
SOCAR–ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი 13 იანვარს თბილისს ეწვია და საქართველოს გაზმომარაგების შესაძლო გაზრდის საკითხები განიხილა. SOCAR–ის ქართული ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა მაშინ განაცხადა, რომ კომპანია განიხილავს გაზის მოწოდების გაზრდის საკითხებს, როგორც მის მიერ მართული გაზსადენის მეშვეობით, რომლის გამტარუნარიანობის გაფართოებაც არის საჭირო, ისე სამხრეთ კავკასიური მილსადენის გამოყენებით.
„ქართული მხარის თხოვნით, SOCAR-მა მოლაპარაკებები გამართა საქართველოს გაზმომარაგების ოპტიმიზაციაზე და მიაღწია შეთანხმებას შაჰ-დენიზისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კონსორციუმის მონაწილე მხარეებთან იმ სეზონური ლიმიტების გადახედვის თაობაზე, რომელიც კონტრაქტებით საქართველოს გაზით მომარაგების კუთხით არის განსაზღვრული“, – განაცხადა SOCAR-მა 29 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს მოთხოვნის მხარდაჭერა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების ნიშანია და სამომავლოდ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების საფუძველს ქმნის“, – განაცხადა აზერბაიჯანულმა სახელმწიფო კომპანიამ.
სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კომპანიის მეწილეები არიან BP (28.8%), AzSCP-ი (10%), TPAO (19%), Petronas -ი(15.5%), Lukoil-ი (10%), NICO (10%) და SGC Midstream-ი (6.7%).
პარალელურად საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსულ ენერგო კომპანია „გაზპრომთან“ საქართველოს გავლით რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის პირობებთან დაკავშირებით.
შარშან საქართველომ „გაზპრომისგან“ ტრანზიტის საფასურად 200 მლნ კუბური მეტრი გაზი ნატურით მიიღო და დამატებით ამისა, 75 მლნ კუბური მეტრი რუსული გაზი იყიდა.
„გაზპრომს“ ტრანზიტის გადასახადის მონეტიზაცია სურს, რათა სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის 10%-ის ნაცვლად, საქართველოს ფულადი ანაზღაურება გადაუხადოს. მონეტიზაციის შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა ვერ მიიღოს ის თანხა, რაც იმავე მოცულობის გაზის საყიდლად იქნება საკმარისი, რასაც ის ამჟამად ნატურით იღებს. ტრანზიტის პირობებზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.
„ჩვენი მოხმარება დღევანდელი მდგომარეობით არის 11 მლნ კუბური მეტრი ყოველდღიურად“, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა.
„აქედან შაჰ-დენიზის კონსორციუმის მილსადენიდან მოწოდება 3 მილიონიდან 3.2 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზარდა და მოხარული ვართ, რომ ეს შედეგი დაიდო ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში… მეორე მილსადენიდან მოწოდება 6.5 მილიონის ფარგლებში არის, მაგრამ სამწუხაროდ, კიდევ არის დეფიციტი და მისი შევსება 2 მილიონის ფარგლებში ხდება მილსადენიდან მიღებული რუსული გაზის მოცულობებით“, – აღნიშნა მან.