Site icon Civil.ge

კალაძე სამუშაო ვიზიტით ბაქოს სტუმრობს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 4 თებერვალს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR–ის პრეზიდენტს როვნაგ აბდულაევს შეხვდა. 

„მათ განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, გაზის სამხრეთ დერეფნის განვითარების პერსპექტივები, სამხრეთ კავკასიური მილსადენის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობაში პროგრესი და აზერბაიჯანული გაზის საქართველოში ტრანსპორტირების პრობლემები. მხარეები მოლაპარაკებებისა და რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, – აცხადებს SOCAR-ი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე ვიზიტის ანონსში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ „შეხვედრაზე განხილული იქნება მიმდინარე საკითხები და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები".

SOCAR–ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი თბილისს 13 იანვარს სტუმრობდა და საქართველოს გაზმომარაგების შესაძლო გაზრდის და ასევე საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის საკითხები განიხილა.

SOCAR–მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კონსორციუმთან მოლაპარაკებების შედეგად ზამთრის პერიოდში საქართველოს გაზმომარაგების 50 მლნ კუბური მეტრით გაზრდა გადაწყდა. თუმცა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ მართალია გაზის ყოველდღიური მოწოდება 3 მილიონიდან 3.2 მლნ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმ დეფიციტს შესავსებად, რომელიც ზამთარში გაზრდილი მოხმარების გამო იქმნება.

პარალელურად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსულ ენერგო კომპანია „გაზპრომთან“ საქართველოს გავლით რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის პირობებთან და ასევე, შესაძლო დამატებითი მოცულობების მიღებასთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)