უფლებადამცველი ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს არ მიიღოს კანონპროექტი, რომელიც „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის“ ჯარიმების შემოღებას ითვალისწინებს, რადგან ეს „მნიშვნელოვნად შეზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში“.
ქართული ოცნების დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის ინიცირებულ ამ კანონპროექტს ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა 2 თებერვალს დაუჭირა მხარი. კანონპროექტს კრიტიკა მოჰყვა მმართველი კოალიციის ცალკეული წევრების მხრიდან, განსაკუთრებით კი რესპუბლიკელი დეპუტატებისგან.
„ვფიქრობ, პარლამენტმა ეს კანონპროექტი არ უნდა მიიღოს. ჩემი აზრით, იგი ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს ეწინააღმდეგება. მიმაჩნია, რომ ეს კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება და მას მხარს არ დავუჭერ“, – განაცხადა რესპუბლიკელმა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ლევან ბერძენიშვილმა.
კანონპროექტი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის შემოღების თაობაზე იურიდიულმა კომიტეტმაც უნდა განიხილოს, სანამ სასესიო დღის წესრიგში მისი ჩასმა მოხდება.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციამ „არა ფობიას“ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, ასევე, „კიდევ უფრო მეტად შეავიწროებს რელიგიური უმცირესობების მდგომარეობას ქვეყანაში“.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დაუჭირა მხარი, რომლის ძირითადი ფუნქციაც სწორედ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, დემოკრატიული პრინციპების დაცვის ხელშეწყობა უნდა იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველო; მედიის განვითარების ფონდი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; იდენტობა; საფარი და კონსტიტუციის 42-ე მუხლი.
მათ ასევე განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტში 2 თებერვალს გამართული განხილვების შედეგად „ცალსახად იკვეთება, რომ კანონის მიღების მიზანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არსებული ჯანსაღი კრიტიკის აკრძალვა წარმოადგენს“.
„სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში განხილვის საგანი არა რელიგიური უმცირესობების მიმართ გახშირებულ თავდასხმებზე და რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებზე შესაბამისი რეაგირების გზების ძიება, არამედ საზოგადოების მხრიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჯანსაღი კრიტიკის გაუმართლებელი შეზღუდვა გახდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქომ 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „რეალობას არ შეესაბამება“ გავრცელებული ინფორმაცია ამ კანონპროექტთან საპატრიარქოს კავშირის შესახებ ან იმასთან დაკავშირებით, რომ „მისი მიზანი თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის "ჯანსაღი კრიტიკის აცილებაა“.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ხშირია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ ცილისმწამებლური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და გამოსვლები, მსგავსი კანონპროექტის მიღების საკითხი არც ადრე და არც ამჟამად ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა“, – განაცხადა საპატრიარქომ.
2015 წლის იანვარში საქართველოს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ის ვალდებულია დაიცვას „გამოხატვის თავისუფლების ზღვარი“, რათა დაცული იქნას მორწმუნეთა უფლებები მათი „რელიგიური გრძნობების შელახვისგან“.
ამასთან, 2013 წლის ბოლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ადმინისტრაციული დანაშაულების ჩამონათვალს უმატებდა, თუმცა მაშინ ამ ინიციატივაზე უარი ითქვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)