Amnesty International-მა განაცხადა, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს და რომლითაც, მიღების შემთხვევაში, „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ ადმინისტრაციული დანაშაული გახდება, საფრთხეს შეუქმნის გამოხატვის თავისუფლებას.
ქართული ოცნების დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის ინიცირებულ ამ კანონპროექტს ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა 2 თებერვალს დაუჭირა მხარი. კანონპროექტს კრიტიკა მოჰყვა მმართველი კოალიციის ცალკეული წევრების მხრიდან, განსაკუთრებით კი რესპუბლიკელი დეპუტატებისგან, ასევე ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობისგან. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ასევე მოუწოდეს პარლამენტს არ მიიღოს კანონპროექტი, რადგან ეს „მნიშვნელოვნად შეზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში“.
„კანონპროექტის დამცველები ამ ინიციატივით მკაფიოდ გაცხადებული მიზნით გამოვიდნენ, რომ დაიცვან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და სამღვდელოება ‘შეურაცხყოფისგან’, რაშიც, იმ მაგალითებით, რაც კანონპროექტის დამცველებმა მოიყვანეს, ისინი ეკლესიის საჯარო კრიტიკას გულისხმობდნენ“, – ნათქვამია Amnesty International-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„შემოთავაზებული კანონმდებლობა შეუსაბამო იქნება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან. მან შესაძლოა კანონგარეშე გამოაცხადოს რელიგიური ლიდერების და ინსტიტუტების კრიტიკა და ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა აქტუალურ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე, მათ შორის ქალთა, ასევე ლესბოსელთა, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი (ლგბტი) პირების უფლებები“.
„რელიგიური ინსტიტუტების საჯარო კრიტიკისგან დაცვა არა მხოლოდ თრგუნავს გამოხატვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს კონტექსტში, შესაძლოა გააძლიეროს მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაცია და დევნა, მათ შორის რელიგიის სახელით გამხორციელებული ძალადობრივი ქმედებების პატიება. Amnesty International-მა დოკუმენტურად დაადასტურა რამდენიმე ასეთი ძალადობრივი ინციდენტი, სადაც დამნაშავეებმა აღნიშნეს, რომ ისინი მოქმედებდნენ, რათა ‘დაეცვათ’ საკუთარი სარწმუნოება, საქართველოს მართლმადიდებლური ქრისტიანობა, რომლის მიმდევრებიც ქართველების უმეტესობაა. კერძოდ, ლგბტი თემის წარმომადგენლები და ქალთა უფლებების დამცველები რეგულარულად ხდებოდნენ დაშინების მსხვერპლნი, დაწყებული სიცოცხლის მოსპობის მუქარით და დამთავრებული ძალადობრივი თავდასხმებით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევრების მხრიდან მას შემდეგ, რაც მათ ეკლესიის და მისი ლიდერების შესახებ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს“, – განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ.
მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას “უარი თქვას“ შემოთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და „ეფექტური ნაბიჯები გადადგას, რათა დაიცვას გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების უფლება ყველასთვის, მათ შორის იმ პირთათვის, ვინც უმცირესობების ან განსხვავებული შეხედულებების ან რწმენის მიმდევრები არიან და დასრულდეს დისკრიმინაცია იმ პირთა მიმართ, რომლებიც კონკრეტულად, ლგბტი თემს მიეკუთვნებიან“.
საქართველოს საპატრიარქომ 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში უარყო რაიმე კავშირი კანონპროექტთან, რომლის მიზანიც „თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის "ჯანსაღი კრიტიკის აცილებაა“.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ხშირია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ ცილისმწამებლური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და გამოსვლები, მსგავსი კანონპროექტის მიღების საკითხი არც ადრე და არც ამჟამად ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა“, – განაცხადა საპატრიარქომ.
2015 წლის იანვარში საქართველოს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ის ვალდებულია დაიცვას „გამოხატვის თავისუფლების ზღვარი“, რათა დაცული იქნას მორწმუნეთა უფლებები მათი „რელიგიური გრძნობების შელახვისგან“.
ამასთან, 2013 წლის ბოლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ადმინისტრაციული დანაშაულების ჩამონათვალს უმატებდა, თუმცა მაშინ ამ ინიციატივაზე უარი ითქვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)