Site icon Civil.ge

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი „თიბისი ჰოლდინგისა“ და ამერიკული Conti International–ის კონსორციუმმა მოიგო

„თიბისი ჰოლდინგის“ და ამერიკული კომპანია Conti International–ის ერთობლივ კომპანიასთან  – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე კონტრაქტი გაფორმდება. 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ თანაბრად ფლობენ „თიბისი ჰოლდინგი“, რომლის მფლობელიც "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა, და Conti Group–ი, ნიუ–ჯერსიში მდებარე დეველოპერული და სამშენებლო კომპანია. 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის საერთო ღირებულებას 2.5 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს. 

„მინდა გამოვთქვა იმედი და ასევე დარწმუნება მთავრობის ყველა წევრის, რომ პორტი დათქმულ ვადებში დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობები საქართველოსათვის, რათა აბრეშუმის გზის კონცეფცია სრულმასშტაბიანად ამოქმედდეს და სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო კორიდორი გახდეს აბსოლუტურად ახალი გამტარუნარიანობის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 8 თებერვალს გამარჯვებული კონსორციუმის გამოცხადების ცერემონიაზე. 

კონტრაქტი მშენებლობა-ოპერირება-გადაცემის მოდელს (build-operate-transfer) დაეფუძნება. 

გამარჯვებული კონსორციუმის ცნობით, საქართველოს მთავრობა 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს პროექტში.

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაადასტურა, რომ მთავრობა გზისა და რკინიგზის ინფრასტრუქტურაში განახორციელებს ინვესტიციებს, რომელთა ოდენობაც მან არ დააკონკრეტა. თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა ასევე საპატნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემაც, რომლის თქმითაც, "სახელმწიფო ამ პროექტში შედის ინფრასტრუქტურით".

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ 49 წლის ვადით, დაახლოებით, 400 ჰექტარი მიწის გამოყენების უფლებას მიიღებს, სადაც აშენდება პორტი, რომელიც 10 000 TEU (24 ფუტის ეკვივალენტი) მქონე კონტეინერებს მოემსახურება.

კონსორციუმი ასევე მიიღებს უფლებას, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განავითაროს დაახლოებით 600 ჰექტარ მიწაზე, დაგეგმილი პორტის სიახლოვეს. 

პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, ხოლო „გარემოსდაცვითი დასკვნის მომზადების შემდეგ, 2017 წელს განახლდება სრული მასშტაბით“.  

პორტი მისი მშენებლობის დაწყებიდან, სავარაუდოდ, სამ წელიწადში ამოქმედდება.

პირველ ფაზაზე, რომელიც პორტის ოპერირების პირველ სამ წელიწადს მოიცავს, კვირიკაშვილის ინფორმაციით, მისი გამტარუნარიანობა 7 მლნ ტონა იქნება.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მოელის, რომ პროექტი დაახლოებით 3 400 სამუშაო ადგილს შექმნის მშენებლობის ეტაპზე და 6 400 ადამიანს დაასაქმებს პორტის ოპერირებისას.

განცხადებას გამარჯვებულ კონსორციუმთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ 19 თვით ადრე წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის მიერ ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება პროექტისთვის ინვესტორის შესარჩევად.

თავდაპირველად ინტერესი 12-მა კომპანიამ გამოხატა, საიდანაც  შემდგომ ეტაპზე, 2015 წლის იანვარში 7 კომპანია შეირჩა, რომელთა შორის ხუთი თვის შემდეგ უპირატესობა ორ ფინალისტს მიენიჭა. აწ უკვე გამარჯვებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ კონკურენტად ფინალურ ეტაპზე რჩებოდა „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტის“ და ჩინური სახელმწიფო კომპანია Power Construction Corporation of China (PowerChina)-ის კონსორციუმი. 

სავარაუდო მინიშნება იმაზე, რომ მეორე კონსორციუმი აგებდა კონკურსში, გასულ კვირას გაკეთდა, როდესაც გაზეთმა „რეზონანმა“ ინტერვიუ გამოაქვეყნა „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტის“ დამფუქნებელთან ქართველ ბიზნესმენ თეიმურაზ ქარჩავასთან, რომელიც ბიზნესებს ფლობს რუსეთსა და საქართველოში. ქარჩავამ ინტერვიუში პრეტენზიები გამოთქვა შემოთავაზებული საინვესტიციო კონტრაქტის გარკვეულ პირობებზე და განაცხადა, რომ მის კონსორციუმს, რომელიც ჩინურ კომპანიასაც აერთიანებს, ზოგიერთი პირობის შეცვლა უნდოდა, რომელიც მან არ დააკონკრეტა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განაცხადა, რომ მისი პარტნიორები პროექტში ასევე არიან ამერიკული კომპანია Moffatt & Nichol და ასევე ნიდერლანდებში განთავსებული კომპანია Maritime & Transport Business Solutions (MTBS).

თუმცა გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ კონსორციუმი მოლაპარაკებებს მართავს სხვა პარტნიორების დამატების მიზნით, მათ შორის ჩინეთიდან.

მან დაგეგმილ პროექტს „საუკუნის მშენებლობა“ უწოდა და პირობა დადო, რომ  „ეს პროექტი იქნება წარმატებული“.

„ჩვენთვის ეს არის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, რომ მოხდა ჩვენი არჩევა“, – – განაცხადა ხაზარაძემ 8 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციაში საუბრისას,  „ჩვენი კონცეფციით და  მიდგომებით ჩვენ შევძელით, რომ დაგვედო საუკეთესო წინადადება ამ პორტის და მისი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ“.

„მოუთმენლად ველით მშენებლობის დაწყებას და საქართველოს მთავრობასთან მუშაობას, რათა აზიიდან ევროპაში ახალი გზების განვითარებას დავეხმაროთ“, – განაცხადა Conti International–ის აღმასრულებელმა დირექტორმა და პრეზიდენტმა, კურტ კონტიმ კონსორციუმის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად.

This post is also available in: Русский (რუსული)