თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ერთადერთი ასაფრენ–დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო დღის ფრენების განრიგი შეიცვლება და მარტიდან ივნისამდე პერიოდში ფრენები, ძირითადად, ღამით განხორციელდება, განაცხადა 8 თებერვალს აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ, TAV Georgia-მ.
ასაფრენ–დასაფრენი ზოლი დროის შემდეგ მონაკვეთებში დაიკეტება: 2016 წლის 1 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით ყოველ დღე 09:30 საათიდან 15:00 საათამდე, და 27 მარტიდან 1 ივლისამდე 10:00 საათიდან 20:00 საათამდე.
თურქული TAV Airports Holding–ის შვილობილმა კომპანიამ, TAV Georgia–მ განაცხადა, რომ დროის ამ მონაკვეთში მოქცეული ფრენები „არ გაუქმდება, არამედ, ფრენები განხორციელდება დროებით შეცვლილი გრაფიკის მიხედვით“.
„აღნიშნულ პროექტზე მუშაობა თითქმის ორი წელია მიმდინარეობს და წინასწარ დამუშავებული და გაწერილია ყველა სამუშაო პროცედურა თუ დეტალი. გრაფიკი მაქსიმალურად ითვალისწინებს თითოეული ავიაკომპანიის ინტერესს“, რომელიც თბილისში ფრენებს ახორციელებს, განაცხადა ოპერატორმა კომპანიამ.
ცვლილებები ასევე შეეხება ფრენების განრიგს სტამბოლში, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე დატვირთული მარშრუტია თბილისის აეროპორტიდან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის გამტარიანობაც წელიწადში 2.8 მილიონი მგზავრია, 2015 წელს 1.84 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2014 წელს არსებული 1.57 მილიონიდან 17.2%–იანი ზრდაა; ამ მაჩვენებელმა ბოლო ხუთი წლის მანძილზე ორმაგ ზრდას გადააჭარბა.
თბილისის აეროპორტს 2005 წლის ოქტომბრიდან თურქული TAV Airports Holding-ის ადგილობრივი შვილობილი კომპანია მართავს მშენებლობის–ოპერირების–გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე. კომპანია ბათუმის აეროპორტის მართვასაც აწარმოებს.
2012 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ TAV–თან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ოპერატორ კომპანიას თბილისის აეროპორტის მეორე ასაფრენ–დასაფრენი ზოლის მშენებლობაში 65 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
სანაცვლოდ, TAV-ს აეროპორტის მართვის უფლება, რომელიც თავდაპირველად 2027 წლამდე იყო განსაზღვრული, 2037 წლამდე გაუხანგრძლივდა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა, მთავრობამ 2013 წლის იანვარში შეწყვიტა ეს ხელშეკრულება და TAV–თან ახალ პირობებზე შეთანხმდა, რომლის საფუძველზეც 2015 წლის მაისში ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ოპერატორმა კომპანიამ არსებული ასაფრენ–დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს ისე, რომ მასთან თავდაპირველი კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ მოხდება და ის ძალაში 2027 წლამდე დარჩება. ამას გარდა, კომპანიამ 2027 წლამდე ეტაპობრივად უნდა განაახლოს აეროპორტის ინფრასტრუქტურა.
ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც იმ დროს ეკონომიკის მინისტრი იყო, აცხადებდა, რომ ახალი შეთანხმება სახელმწიფოსთვის და ინვესტორისთვის თანაბრად მომგებიანი იყო და ის, თავდაპირველ კონტრაქტში არსებული სხვა ხარვეზების მოგვარებასთან ერთად, აეროპორტის ტარიფების მანამდე გათვალისწინებულ ზრდის ტემპსაც შეანელებდა.
ნაციონალურმა მოძრაობამ მთავრობა და კონკრეტულად, კვირიკაშვილი აეროპორტის ასაფრენ–დასაფრენი ზოლის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმების არასწორ წარმართვაში დაადანაშაულა, რასაც, როგორც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა 8 თებერვალს განაცხადა, საერთაშორისო ჩამოსვლების შემცირება მოყვება, რაც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას იქონიებს ქვეყნის ისედაც არაჯანსაღ ეკონომიკაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)