Site icon Civil.ge

საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში

საქართველომ შესაძლოა შეანელოს ან შეაჩეროს უფრო მეტი ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევა „ეფექტური რუსული პროპაგანდის“ და ქართულ ელიტებსა და საზოგადოებაში დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპით გამოწვეული მზარდი იმედგაცრუების გამო, ნათქვამია აშშ–ის ეროვნული დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პროგრესირებს რეფორმების განხორციელების კუთხით, თითქმის უდავოა, რომ ქართული პოლიტიკა არასტაბილური იქნება, ვინაიდან იზრდება პოლიტიკური კონკურენცია. ეკონომიკური გამოწვევებიც, სავარაუდოდ, მთავარი პოლიტიკური პრობლემა გახდება მთავრობისთვის 2016 წლის არჩევნების წინ,“ – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა 9 თებერვალს აშშ–ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინა.

„მზარდმა იმედგაცრუებამ საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში დასავლური ინტეგრაციის ნელ ტემპთან დაკავშირებით და სულ უფრო ეფექტურმა რუსულმა პროპაგანდამ გაზარდა იმის პერსპექტივა, რომ თბილისმა შესაძლოა შეანელოს ან შეაჩეროს უფრო მეტი ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევა“, – ნათქვამია ანგარიშში.

„რუსეთთან დაძაბულობა კვლავ ინტენსიური იქნება და ჩვენი შეფასებით, მოსკოვი ზეწოლას გაზრდის თბილისზე, რათა მან უარი თქვას ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო ახლო ურთიერთობებზე“, – ნათქვამია ანგარიშში. გასული წლის ანგარიშშიც იყო ნახსენები თბილისზე ზეწოლისკენ მიმართული მოსკოვის ძალისხმევა, რათა მას უარი ეთქვა ევროკავშირთან და ნატოსთან ახლო ურთიერთობებზე.