პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურა შეარჩია, რომელიც პარლამენტში დამტკიცების შემთხვევაში, საბჭოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ადგილს დაიკავებს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა თებერვლის ბოლოს ეწურება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კობა გვენეტაძე ამჟამად ეკონომიკურ საკითხებში კომპანია Galt and Taggart-ის მრჩევლად მუშაობს, 2002-2015 წლებში კი მას ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში უფროსი ეკონომისტის თანამდებობა ეკავა. მანამდე ის სახელმწიფო სამსახურში იყო და 2001-2002 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2000-2001 წლებში კი ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. 1994-1996 წლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკონომისტად მუშაობის შემდეგ, გვენეტაძე 1996-1998 წლებში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი იყო.
პროცედურის თანახმად, პრეზიდენტი მარგველაშვილი ეროვნული ბანკის საბჭოში ქადაგიძის შემცვლელს პარლამენტს 7 წლის ვადით ასარჩევად წარუდგენს. თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ დამტკიცების შემთხვევაში კობა გვენეტაძე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კანდიდატურების რამდენიმე ეტაპიანი განხილვის შედეგად შეირჩა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს, კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინების საფუძველზე ნიშნავს.
გიორგი ქადაგიძის გარდა, ეროვნული ბანკის 7-წევრიან საბჭოში უფლებამოსილებები 2016 წლის ბოლოს ასევე ეწურებათ კიდევ სამ წევრს: ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს არჩილ მესტვირიშვილსა და ოთარ ნადარაიას, ასევე საბჭოს წევრს ლაშა ჯუღელს.