Site icon Civil.ge

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ირანს სტუმრობს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ორშაბათს ირანში გაემგზავრა, სადაც გაზის იმპორტის და ენერგოსექტორის სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს, განაცხადა ენერგეტიკის სამინისტრომ.

„ქართული და ირანული მხარეები, ამ ეტაპზე სწავლობენ საქართველოში ირანული ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობას. განხილული იქნება ასე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები“, – განაცხადა ენერგეტიკის სამინისტრომ 15 თებერვალს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

საქართველოს ენერგოპოლიტიკის შესახებ გამართულ საჯარო განხილვაზე, რომელსაც 10 თებერვალს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა უმასპინძლა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ირანული გაზის შეძენა არ არის კომერციულად მომგებიანი საქართველოსთვის, ვინაიდან ის დაახლოებით 25%–ით უფრო ძვირია. მისი თქმით, გარკვეული ტიპის ენერგოგაცვლების განხორციელება არ არის გამორიცხული, თუმცა ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა, ხოლო მოკლევადიანი პერიოდისთვის ის ამის რეალურ შესაძლებლობას ვერ ხედავს.   

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვიყოთ წინა პლანზე ირანთან საუბრებში იმიტომ, რომ მას აინტერსებს რეგიონი და ჩვენ გვაინტერესებს ეს რესურსი რეგიონში – ამ შემთხვევაში თანხვედრა ინტერესების არის. როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა ნამდვილად არ ვიცი“, – განაცხადა ვალიშვილმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 12 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში თავის ირანელ კოლეგას, მოჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 8 თებერვალს ირანის პრეზიდენტს, ჰასან რუჰანის ტელეფონით ესაუბრა.

ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან აღდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორდინალური პასპორტის მფლობელები საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე  45 დღემდე ყოფნის უფლებით ისარგებლებენ ისე, როგორც ეს იყო 2011 წლიდან, ვიდრე 2013 წლის ივლისიდან საქართველო ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს ცალმხრივად გააუქმებდა.