Site icon Civil.ge

პარლამენტმა ‘რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან’ დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა

პარლამენტმა შეწყვიტა იმ სადავო საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომელიც „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის“ ჯარიმების შემოღებას ითვალისწინებდა, რადგან ქართული ოცნების დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა მისი ეს ინიციტიატივა უკან გაითხოვა.

„შესაბამისად, პარლამენტი წყვეტს ამ საკითხზე მსჯელობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 15 თებერვალს, როცა ინიციატივის უკან გატანა ბიუროს წევრებს აცნობა.

ამ დრომდე ეს კანონპროექტი მხოლოდ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტს ჰქონდა განხილული, რომელმაც 2 თებერვალს მხარი დაუჭირა მას. კანონპროექტს კრიტიკა მოჰყვა მმართველი კოალიციის ცალკეული წევრების მხრიდან, განსაკუთრებით კი რესპუბლიკელი დეპუტატებისგან, ასევე ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობისგან. ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ასევე მოუწოდეს პარლამენტს არ მიეღო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ეს კანონპროექტი.

საქართველოს საპატრიარქომ 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში უარყო რაიმე კავშირი კანონპროექტთან, რომლის მიზანიც „თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის "ჯანსაღი კრიტიკის აცილებაა“.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ხშირია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ ცილისმწამებლური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და გამოსვლები, მსგავსი კანონპროექტის მიღების საკითხი არც ადრე და არც ამჟამად ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა“, – განაცხადა საპატრიარქომ.

2015 წლის იანვარში საქართველოს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ის ვალდებულია დაიცვას „გამოხატვის თავისუფლების ზღვარი“, რათა დაცული იქნას მორწმუნეთა უფლებები მათი „რელიგიური გრძნობების შელახვისგან“.

ეს 2013 წლის შემდეგ უკვე მეორე შემთხვევაა, როცა უარი ითქვა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ჯარიმების დაწესების ინიციატივაზე – თაროზე შემოდებული იმ კანონპროექტის ავტორი მაშინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)