Site icon Civil.ge

ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისიდან შვიდ ახალ მარშრუტს ამატებს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air–მა განაცხადა, რომ ქუთაისის აეროპორტში ბაზას გახსნის და სექტემბრიდან ევროპის კიდევ შვიდ ქალაქში განახორციელებს ფრენებს.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში გახსნილ ბაზაზე ერთი A320 მოდელის თვითმფრინავი განთავსდება.

სექტემბრიდან Wizz Air, რომელიც ქართულ ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა, ახალ მომსახურებას დაიწყებს და კვირაში ორჯერ ფრენებს განახორციელებს ქუთაისიდან ბერლინში, მიუნხენში, დორტმუნდში, მილანში, ლარნაკასა და სოფიაში, ხოლო რეისები ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით კვირაში სამჯერ განხორციელდება. ავიაკომპანია უკვე ახორციელებს ფრენებს ქუთაისიდან ბუდაპეშტის, ვილნიუსის და ვარშავის მიმართულებით.  

კომპანიის წარმომადგენელმა ოვაინ ჯოუნსმა განაცხადა, რომ საქართველოში განხორციელებული ეს ინვესტიცია ეკონომიკურ დივიდენდებს მოუტანს როგორც ქართულ ბიზნესს, ისე Wizz Air–ს.