თბილისში 19 თებერვალს მეხუთე სამმხრივი მინისტერიალის გამართვის შემდეგ, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის, რომლის მშენებლობაც უკვე რვა წელზე მეტია მიმდინარეობს, საქართველოს მონაკვეთი მოინახულეს.
თურქეთის საზღვრის მახლობლად, კარწახში მდებარე სარკინიგზო მონაკვეთის მონახულებისას, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ელმარ მამედიაროვი, მიხეილ ჯანელიძე და მევლუთ ჩავუშოღლუ მიესალმნენ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტს, როგორც „ისტორიულს“ და რეგიონისთვის მის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი ახალი აბრეშუმის გზის კონტექსტში.
Visited Baku-Tbilisi-Kars railway w/my counterparts, truely historic project 2 connect #Europe & #Asia #BTK pic.twitter.com/s18i77Vvlx
— Mikheil Janelidze (@JanelidzeMkh) February 19, 2016
სამმხრივ მინისტერიალამდე ერთი კვირით ადრე თბილისმა ასევე უმასპინძლა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მეშვიდე შეხვედრას, რომელშიც თურქეთის და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრებმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის შემდეგ, 2017 წელი რკინიგზის ამოქმედების ახალ თარიღად დასახელდა.
მშენებლობის დაწყება 2007 წლის ბოლოს გამოცხადდა; იმ დროს დასრულების თარიღად 2010 წელი დასახელდა, თუმცა მას შემდეგ ბევრჯერ გადაიდო და საბოლოო ვადად 2012 წელი, შემდეგ 2013, 2015 და 2016 წლები სახელდებოდა; ახლა კი რკინიგზის ამოქმედება 2017 წელს იგეგმება. გადადების მიზეზები, რომელთაც საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ასახელებდნენ, სხვადასხვა იყო, დაწყებული შეფერხებებით დაფინანსებაში და საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით და დამთავრებული პრობლემებით კონტრაქტორ კომპანიასთან თურქეთში, ასევე რთული გეოგრაფიული ადგილმდებარეობით და კლიმატური პირობებით.
„ჩვენ გავეცანით მასალებს, რომლის მიხედვითაც ნათლად ჩანს, რომ ამ წლის ბოლოს სამშენებლო სამუშაოები დასრულდება თურქეთის მხარეს და, შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ ოპერირების დაწყებას 2017 წელს“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 12 თებერვალს თურქეთის და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.
მარაბდა–ახალქალაქის 153 კილომეტრი სიგრძის სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია და ახალქალაქი–კარწახის 27 კილომეტრი სიგრძის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა განხორციელდა, საიდანაც რკინიგზა თურქეთს დაუკავშირდება 4.4 კილომეტრი სიგრძის გვირაბით, რომლის თითქმის ნახევარი საზღვრის ქართულ მხარეს მდებარეობს; ახალი რკინიგზის მშენებლობა 76 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე მიმდინარეობს თურქულ ქალაქ ყარსს და საქართველოს საზღვარს შორის.
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა თბილისში 12 თებერვალს, რომ „შევეცდებით, სამშენებლო სამუშაოები წელს დასრულდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე მომავალ წელს მონაკვეთი მზად იქნება ოპერირებისთვის“.
აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა განაცხადა 12 თებერვალს თბილისში, რომ „პროექტი ხორციელდება საკმაოდ რთულ გეოგრაფიულ პირობებში, რამაც მისი განხორციელების ვადებზე გავლენა მოახდინა“.
„ყველა რთული სამუშაო ჩვენ უკან მოვიტოვეთ და პროექტი განხორციელების უკვე დასკვნით ეტაპზეა“, – დასძინა მან.
თბილისში 19 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს „ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მნიშვნელოვან როლს აზიასა და ევროპას შორის კონკურენტული ტრანსპორტირების ხელშეწყობის საქმეში“.
მათ ასევე „კმაყოფილებით აღნიშნეს 2015 წელს რკინიგზის ქართული მონაკვეთის წარმატებული ტესტირება და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედების უდიდეს მნიშვნელობას“.
თბილისში გამართულ შეხვედრაზე სამმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო ანკარასა და დიარბაქირში მიმდინარე კვირას განხორციელებული ტერიტორისტული აქტები, რის შედეგადაც 35–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა თავის ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებს თანაგრძნობისთვის.
In view of sensitive global & regional developments, our trilateral cooperation is critical for stability & prosperity of Southern Caucasus.
— Mevlüt Çavuşoğlu (@MevlutCavusoglu) February 19, 2016
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამადიაროვმა განაცხადა: „ალბათ საჭიროა გავაღრმავოთ თანამშრომლობა უსაფრთხოების და კანონაღსრულების სფეროებში“.
„მე მჯერა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ, ჩვენ სწორად გვესმის ის, რომ უნდა გავაგრძელოთ ერთობლივი თანამშრომლობა, რადგან სამივე ქვეყანას სჭირდება ეს თანამშრომლობა და ეს არის მომგებიანი თითოეული ქვეყნისათვის და მთლიანად რეგიონისათვის“, – განაცხადა მამედიაროვმა.
სამმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გაუსვა ხაზი, რომ „უდიდესი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის რეგიონში და მის გარშემო არსებული კონფლიქტის და ასევე საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების უახლოეს დროში მშვიდობიან მოგვარებას საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ნორმების, კერძოდ კი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დაურღვევლობის პრინციპების დაცვით".