საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისში 22 თებერვალს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყეს.
საქართველომ მოლაპარაკებების დასრულებას წლის ბოლომდე იმედოვნებს.
ჩინეთი 2015 წელს საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 712.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთში ექსპორტი შარშან 39.1%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 125.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ძირითადად, სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტის ზრდის გამო. იმპორტი ჩინეთიდან 19.9%–ით შემცირდა და 586.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა 2015 წელს.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დეკემბერში, როდესაც პეკინში ხელი მოაწერა ჩინეთთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, განაცხადა, რომ თბილისი ყურადღებას გაამახვილებს შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის მიღებაზე ჩინეთში ქართული ღვინის და სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის.
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველომ 2015 წელს ჩინეთში 2.67 მილიონი 0.75–ლიტრიანი ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა, რაც 122%–იანი ზრდაა 2014 წელთან შედარებით.