პრეზიდენტი ადმინისტრაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „სწრაფი და რადიკალური“ რეფორმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს იმ ფონზე, როცა საბჭოს მიერ მიღებულ მორიგ საკადრო გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების თაობაზე კრიტიკა მოჰყვა.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სამწუხაროდ, არ იცავს სტანდარტებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში. არღვევს კანონს მოსამართლის და სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების პროცესში. ის, რომ ამ ორგანოს სჭირდება ძირეული რეფორმები, თავად საბჭოს გადაწყვეტილებები ადასტურებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ხელეწიფება რეფორმების სწრაფი, დროული და სწორი გატარება დაუყოვნებლივ მოახდინოს ამ ორგანოს ძირეული რეფორმირება“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ სამშაბათს.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თებერვლის დასაწყისში პარლამენტში თავის ყოველწლიურ მოხსენებაში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ რამდენიმე სხვა ინიციატივასთან ერთად, ასევე შესთავაზა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მექანიზმის იმგვარად შეცვლა, რომ საბჭოში პროპორციულად, სამი წევრით იყოს წარმოდგენილი სასამართლოს სამივე ინსტანცია – საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოები.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ 23 თებერვალს განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა, რომელსაც პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარედ შარშან მარტში არჩეული ნინო გვენეტაძე ხელმძღვანელობს, საზოგადოებაში ნდობით არ სარგებლობს, ვინაიდან ბოლო დროს მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებში ის „გასცდა კანონით დადგენილ საფუძვლებს“.
მისი თქმით, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა ჩაერთოს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმირების პროცესში, რათა ამ ორგანომ კვლავ დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა და „ეს ნდობის მანდატი გაძლიერდეს“.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო კრიტიკის აქტიური სამიზნე დეკემბერში გახდა, როცა მან საბჭოს მდივანი, გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა. ამჯერად, კი საბჭოს მიმართ კრიტიკა მის მიერ 22 თებერვალს მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლითაც მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელობიდან ჩამოაშორეს „არაეფექტური მართვის“ მოტივით მას შემდეგ, რაც ახვლედიანი საბჭოს ხელმძღვანელობის მიმართ დეკემბრიდან ღია კრიტიკით გამოდიოდა, მათ შორის მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის თაობაზე, რაც მისი თქმით, სასამართლოში „კლანური სისტემის“ დანერგვას უწყობს ხელს. ახვლედიანმა თებერვლის დასაწყისში ასევე გაასაჯაროვა იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების შესაძლო გაჟონვის შესახებ ინფორმაცია, რაც საბჭოს მოკვლევის საგანი გახდა და შემდგომი რეაგირებისთვის მასალები, როგორც საბჭოს ხელმძღვანელობა აცხადებს, პროკურატურაში გადაიგზავნა. ახვლედიანმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ საბჭომ მის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნა დაიწყო.
თუმცა ახვლედიანი თანამდებობიდან არა დისციპლინარული დევნის საფუძველზე, არამედ იმ „პრობლემების“ მოტივით გათავისუფლდა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეთა განაწილების გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა. იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ და მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადეს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება "კანონიერია" და ის ახვლედიანის მიერ გამოთქმულ კრიტიკას არ უკავშირდება.
ახვლედიანი კი, რომელიც რიგით მოსამართლედ რჩება, საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება სასამართლოში განსხვავებული აზრის გამოხატვის ჩახშობას ისახავს მიზნად. ახვლედიანმა, რომელიც 2007 წლიდან რუსთავის, ხოლო 2012 წლის ნოემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო, 23 თებერვალს მედიის თანხლებით შეხვედრა გამართა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
„არ ვიცი რამდენად საფუძვლიანია მამუკა ახვლედიანის მიმართ საბჭოს მხრიდან არსებული პრეტენზიები, მაგრამ ვიცი, რომ ყველა მათგანი რომ ყოფილიყო აბსოლუტური ჭეშმარიტება, საბჭოს მაინც არ შეეძლო იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც გუშინ მიიღო“ – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ.
კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც ოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 23 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, ასევე აღნიშნა, რომ ახვლედიანის მიმართ საბჭოს გადაწყვეტილება „უხეშად არღვევს კანონის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება თავმჯდომარის გათავისუფლებისთვის კანონით დადგენილ ნათელ და არაორაზროვან პროცედურებს“.
„გადაწყვეტილება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას და საბჭოს მხრიდან კანონის თვითნებურ და არასწორ გამოყენებაზე მიუთითებს“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში, „გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება არღვევს კონკრეტული მოსამართლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, მას ექნება გავლენა მთლიანად სასამართლო სისტემის შემდგომ განვითარებაზე, რამდენადაც ეს გადაწყვეტილება მიმართულია არა მხოლოდ მამუკა ახვლედიანის მიმართ, არამედ წარმოადგენს ერთგვარ მითითებას სასამართლოს მთელი შემადგენლობისთვის, რომ კრიტიკული პოზიციების გამოხატვა საბჭოს მხრიდან მსგავსი მექანიზმების გამოყენებას გამოიწვევს“.