Site icon Civil.ge

თბილისი აცხადებს, რომ აფხაზეთისთვის რუსულ ელექტროენერგიას ‘შეღავათიან ფასად’ ყიდულობს

საქართველო „ძალიან შეღავათიან ფასად“ ყიდულობს რუსულ ელექტროენერგიას, რათა შემდეგ ის სეპარატისტულ აფხაზეთს მიაწოდოს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა.

მისი თქმით, ეს არის „მოკლევადიანი გადაწყვეტილება“, რომელიც აპრილამდე იმოქმედებს და რომლის მიღებაც განაპირობა იმ დეფიციტის აღმოფხვრამ, რომლის წინაშეც აფხაზეთის რეგიონი ენგურის წყალსაცავში წყლის დონის შემცირების გამო დადგა.

ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა პირველად რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესახებ განცხადებები გასულ კვირას გააკეთეს. მაშინ კონკრეტულ სქემაზე საუბარი არ ყოფილა და დეტალები კვლავაც ბუნდოვანია.

„ფასებს ვერ გეტყვით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან შეღავათიან ფასად ვიღებთ“, – განუცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს 25 თებერვალს.

„ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და რუსეთთან მოვილაპარაკეთ ხელშეკრულება, რომ გარკვეული პერიოდით  – ეს არის 1 აპრილამდე – დამატებითი მოცულობა მიგვეწოდებინა შეღავათიან ფასად აფხაზეთში. ეს შეთანხმება შედგა და მე ვფიქრობ,  რომ ყველა მხარე არის კმაყოფილი ამ შედეგით“, – დასძინა მან.

სეპარატისტული აფხაზეთი მთლიანად ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, რომლის 271.5 მეტრი სიმაღლის ბეტონის თაღოვანი კაშხალი ადმინისტრაციული საზღვრის თბილისის კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, ხოლო მისი ხუთი გენერატორი გალის რაიონში სეპარატისტული აფხაზეთის მხარესაა.

ენგურის წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, რაც ნალექების ნაკლებობამ გამოიწვია და მდინარე ენგურიდან წყლის ნაკადები შეამცირა, აფხაზეთის ელექტროგანამაწილებელ კომპანიას „ჩერნომორენერგოს“ მოუწია აფხაზეთში 25 იანვრიდან ყოველდღიურად რამდენიმე საათიანი გრაფიკი დაეწესებინა წყალსაცავში წყლის დაზოგვის მიზნით. ოფიციალური პირები, როგორც თბილისში, ისე სოხუმში პროგნოზირებდნენ აფხაზეთის სრულ ჩაბნელებას თებერვლის ბოლოდან; ოჯახებს გრაფიკი თებერვლის შუა რიცხვებიდან მოეხსნათ, როდესაც რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)