Site icon Civil.ge

პოლიციის ცნობით, ოპოზიციონერი ალექსი პეტრიაშვილი თავდასხმისას დაჭრეს

ალექსი პეტრიაშვილს, ოპოზიციური თავისუფალი დემოკრატების წევრს თავს დაესხნენ, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს, იტყობინება შსს 26 თებერვალს.

ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, განაცხადეს შსს-მ და დაჭრილის მეუღლემ, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ.

თავისუფალი დემოკრატების დეპუტატმა ნინო გოგუაძემ განუცხადა Civil.ge-ს, რომ ამჟამად ალექსი პეტრიაშვილს ოპერაცია უტარდება და როგორც ექიმები აცხადებენ, მას სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები არ აღენიშნება.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოზე. მომხდარის შესახებ, პოლიციის ცნობით, შეტყობინება ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.

შსს ფაქტის თვითმხილველებს „დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით“ თანამშრომლობისკენ მოუწოდებს; სისხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით არის აღძრული.

მომხდარის გახმაურებამდე რამდენიმე საათით ადრე ალექსი პეტრიაშვილმა, რომელსაც 2014 წლის ნოემბერში ოპოზიციაში გადასვლამდე ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა, თავის facebook-ის გვერდზე გარდაცვლილი ლევან მიქელაძის დაბადების დღის მისალოცი პოსტი გამოაქვეყნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)