Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრი ალექსი პეტრიაშვილზე შეიარაღებულ თავდასხმას გმობს და ‘ძალიან მკაცრი რეაგირებისკენ’ მოუწოდებს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოპოზიციური თავისუფალი დემოკრატების წევრისა და ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმის „შემზარავი“ ფაქტის „მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიებისკენ“ მოუწოდა.

ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პირველმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა და განაცხადა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს თბილისში მეგობრის საფლავზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხსასროლი იარაღით დაჭრეს. პეტრიაშვილს, რომელსაც ექიმის ინფორმაციით, ცეცხსასროლი ჭრილობა მიყენებული აქვს ორივე ქვედა კიდურის და წელ-ზურგის არეში და ასევე ჭრილობა აქვს თავის არეში, საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. მედიკოსები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას „სტაბილურად“ აფასებენ. 

„მე უკვე ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი“, – ნათქვამია პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებაში, „სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება, დამნაშავეების დაკავება და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენა“.  

„მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება“, – აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა დაგმეს როგორც მმართველი კოალიცია ქართული ოცნების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამართალდამცავებს მომხდარის სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდეს.

„როდესაც დღისით, მზისით ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერს ასეთი ლაჩრული ჩასაფრებით მეგობრის საფლავზე პრაქტიკულად მკვლელობისთვის იმეტებენ, ეს არის საგანგაშო ფაქტი და მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები სერიოზულობით მოეკიდებიან, ბუნებრივია, ამ საქმეს“, – განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.
 
„სურვილის და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, არ უნდა გაუჭირდეთ სამართალდამცავ ორგანოებს კვალზე გასვლა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მალე შევიტყოთ ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით“, – განაცხადა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა: „ქართულმა ოცნებამ შექმნა გარემო, სადაც წახალისებულია ანგარიშსწორება და ოპოზიციის წევრებზე თავდასხმები და მე იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიებაც არ გაიწელება ისე, როგორც იწელება სხვა“.

ალექსი პეტრიაშვილის მეუღლემ, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია მომხდარის დეტალები. 

„ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ პოლიცია გამოიკვლევს ზუსტად რა იყო და როგორ მოხდა და აუცილებლად დაისჯება დამნაშავე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „თუ რამის თქმა შემიძლია, ყველაფერს ვეტყვი“ გამოძიებას.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი დიპლომატ ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. თუმცა შსს-მ ასევე განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ „112“-ში შეტყობინება ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან მიიღო. პოლიციამ ფაქტის თვითმხილველ პირებს დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)