ტყიბულში მაღაროელების თითქმის ორკვირიანი გაფიცვის შემდეგ, შესაძლო კომპრომისის ნიშნები გაჩნდა, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, ვინაიდან გაფიცვის მთავარი მიზეზზე – ხელფასების ზრდაზე – უთანხმოება კვლავ რჩება გაფიცულებს და კომპანია „საქნახშირს“ შორის.
საქართველოს ინდისტრიული ჯგუფი (GIG), რომელიც ტყიბულში ქვანახშირის ორ საბადოს მართავს თავისი შვილობილი კომპანიის „საქნახშირის“ მეშვეობით, თავდაპირველად მტკიცე უარს აცხადებდა ხელფასის ზრდის საკითხის განხილვაზე, ქვანახშირზე მოთხოვნის კლებისა და მისი დაბალი ფასების მოტივით. თუმცა, ბოლო რამდენიმე დღეში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაფიცულების ჯგუფმა „საქნახშირის“ შენობა ხანმოკლე დროით დაიკავა, კომპანია ეტაპობრივ დათმობებზე მიდის.
მაღაროელებმა გაფიცვა თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყეს და ხელფასების 40%–იანი ზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.
როდესაც 25 თებერვალს გაფიცულებს უთხრეს, რომ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მათ სახელფასო სისტემის „ოპტიმიზაციას“ სთავაზობდა ორი თვის ვადაში, რაც ყველა მუშისთვის ხელფასის მომატებას ავტომატურად არ გულისხმობს, ათობით მომიტინგე, მათ შორის მემარცხენე ახალგაზრდული ჯგუფების აქტივისტები, რომლებიც ტყიბულში გაფიცულთა მიმართ სოლიდარობის გამოსახატად ჩავიდნენ, „საქნახშირის“ შენობაში შეიჭრნენ. მომიტინგეებმა შენობა პოლიციის მისვლის შემდეგ დატოვეს. სამართალდამცავებს არავინ არ დაუკავებიათ.
მოლაპარაკებები მეორე დღეს გაგრძელდა და კომპანიამ, დაახლოებით, 1100 მაღაროელს ორ თვეში ხელფასების 5%–ით მომატება შესთავაზა. თუმცა, გაფიცულებმა ეს შემოთავაზება არ მიიღეს.
ერთ–ერთმა მუშამ, რომლის ხელფასიც თვეში 600 ლარს შეადგენს, განაცხადა, რომ 5%–იანი ზრდა „დაცინვაა“. მის აზრს ბევრი სხვა გაფიცულიც იზიარებს.
თუმცა მომიტინგეების ნაწილმა კომპრომისზე წასვლის მზადყოფნა გამოთქვა. ზოგიერთმა გაფიცულმა განაცხადა, რომ კომპანია სულ ცოტა 20%–იან ზრდაზე მაინც უნდა დათანხმდეს, თავდაპირველად მოთხოვნილი 40%–ის ნაცვლად, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.
27 თებერვალს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანია მზად არის ერთ თვეში ხელფასების 5%–იანი ზრდა უზრუნველყოფს, ნაცვლად თავდაპირველად გაცხადებული 2 თვისა. მოგვიანებით იმავე დღეს, კომპანიამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ხელფასები კიდევ უფრო ადრე გაზარდოს.
27 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ტყიბულში ჩავიდა გაფიცულებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით.
შაბათს საღამოს მან უთხრა ტელეკომპანია „იმედს“, რომ მართალია შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ დიალოგი საკმაოდ „კონსტრუქციული“ იყო და კომპანია მზად არის 1 მარტიდან 5%–ით გაზარდოს ხელფასები.
მან ასევე განაცხადა, რომ კომპანიის შემოთავაზების თანახმად, ხელფასების მომატება არ შეეხება „საქნახშირის“ საშუალო და მაღალი დონის მენეჯმენტს, რაც შესაძლებელს გახდის, რომ მაღაროელების ხელფასები 5%–ზე მეტით გაიზარდოს.
მისი თქმით, გაფიცულმა მაღაროელებმაც უნდა გადადგან შემხვედრი ნაბიჯები.
27 თებერვალს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, საგაფიცვო კომიტეტმა განაცხადა, რომ გაფიცვის შეწყვეტისთანავე ხელფასების 5%–ით ზრდაზე კომპანიის შემოთავაზება მიუღებელია, ვინაიდან „ის ახლოსაც არაა დასაქმებულების მოთხოვნასთან ხელფასის 40%-იან ზრდაზე“.
„მით უმეტეს, 2011 წელს, გაფიცვის შემდეგ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, საწარმოს აქვს აღებული ვალდებულება ხელფასების ყოველწლიური ინდექსირებისა და შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებაზე, რაც დღემდე შეუსრულებელია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გაავრცელა.
განცხადებაში ასევე დაანონსებულია 28 თებერვალს მაღაროელების საპროტესტო აქცია ტყიბულის გამგეობის წინ.
2011 წლის დასაწყისში, როდესაც მაღაროელები ანალოგიური მოთხოვნებით გაიფიცნენ, ეს აქცია რამდენიმე დღეში შეთანხმებით დასრულდა კომპანიის მენეჯმენტს და პროფკავშირებს შორის, რომლებიც მაღაროელების ინტერესებს წარმოადგენდნენ.
თუმცა, როდესაც პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში, კახა კოჟორიძე 26 თებერვალს ტყიბულში ჩავიდა, მას კომპანიის ხელმძღვანელობამ განუცხადა, რომ 2011 წლის მემორანდუმს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ასევე ითვალისწინებდა ინფლაციაზე მიბმულ სახელფასო ზრდას, იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტად არ განიხილავენ.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ არსებული კრიზისის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, კომპანიის ხელმძღვანელობას 2011 წლის შეთანხმების პირობები რომ დაეცვა. მან ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ სოციალური დიალოგის ხელშეწყობისთვის მან ყველა არსებული საკანონმდებლო მექანიზმის გამოყენება ვერ მოახერხა, მათ შორის ვერც სამმხრივი კომისია და შრომის ინსპექცია, რაც, მისი თქმით, მხოლოდ „ქაღალდზე“ რჩება.
პეტრიაშვილის განცხადებით, 2016 წლის იანვარში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს წერილი გაუგზავნა და მაღაროელების პრობლემების მოგვარების მიზნით დიალოგის გამართვის ინიციატივით მიმართა, თუმცა კომპანიამ ეს თხოვნა უგულებელყო.
პეტრიაშვილის თქმით, 2011 წლის შეთანხმების აღდგენა არსებული სიტუაციიდან გამოსვლის ყველაზე რეალური გზაა, რომელიც, განხორციელების შემთხვევაში, მაღაროელების ხელფასების დაახლოებით 14.2%–იან ზრდას უზრუნველყოფს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)