Site icon Civil.ge

სოფელ ადიგენში სასაფლაოს თაობაზე რელიგიურ ნიადაგზე არსებული დავა დაპირისპირებაში გადაიზარდა

სოფელ ადიგენში ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან თემებს შორის სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთზე წამოწყებული დავა 29 თებერვალს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს „სამხრეთის კარიბჭის“ (SKnews.ge) ინფორმაციით, მუსლიმი თემის სამმა წარმომადგენელმა დაზიანებები მიიღო და მათგან ერთ–ერთს შუბლზე ღია ჭრილობის გამო საავადმყოფოში მოუწია გადაყვანა.

ადიგენის რაიონში მდებარე იმავე სახელწოდების სოფელი ძირითადად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული, ხოლო მუსლიმი თემი, რომელიც სოფელში აჭარიდან დაახლოებით 25 წლის წინ გადასახლდა, უმცირესობას წარმოადგენს. გასულ წელს  მუსლიმმა თემმა მიწის ნაკვეთი მოითხოვა ცალკე სასაფლაოს მოსაწყობად, რასაც ქრისტიანული თემის ზოგიერთი ადგილობრივი მოსახლე შეეწინააღმდეგა.

მართალია, ამ საკითხის გადაწყვეტა მთლიანად ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა, თუმცა ის განსახილველად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გადაეგზავნა. 25 თებერვალს სააგენტო სოფელ ადიგენში მუსლიმთა სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის რეკომენდაციით გამოვიდა.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება ადგილობრივი მუსლიმების ჯგუფსა და ქრისტიანებს შორის 29 თებერვალს დილით მოხდა, და როდესაც იმავე დღეს, საღამოს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაქარია ენდელაძე სოფელში მიწის გამოყოფის საკითხის განსახილველად მივიდა, იქ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მუსლიმების თქმით, მაშინ, როდესაც ისინი გამგებელთან არსებული ქრისტიანული სასაფლაოს გაფართოების გზით მუსლიმთათვის ცალკე სასაფლაოს გამოყოფის საკითხს განიხილავდნენ, მათ ქრისტიანული თემიდან ახალგაზრდების ჯგუფი დაესხა თავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო) მიმდინარეობს“.

პოლიცია სოფელ ადიგენში რჩება, თუმცა 1 მარტის შუადღის მდგომარეობით ვინმესთვის არც ბრალი წაუყენებიათ და არც არავინ დაუკავებიათ.

1 მარტს გავრცელებულ განცხადებაში შსს მოუწოდებს მხარეებს, „თავი შეიკავონ პროვოკაციისა და ძალადობრივი დაპირისპირებისგან“.

„ადამიანის უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე პოლიცია დაუყოვნებლივ მიიღებს კანონით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს“, – განაცხადა სამინისტრომ.

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადეს, რომ ხელისუფლების მხრიდან რელიგიური მოტივით მომხდარ წინა ძალადობრივ ინციდენტებზე პასუხის გაუცემლობა, ამგვარი შემთხვევების გამეორებას უწყობს ხელს.

2013 წლიდან მოყოლებული ეს უკვე მესამე ინციდენტია, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტში რელიგიურ ნიადაგზე ჰქონდა ადგილი. 2013 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთიდან მინარეთის დემონტაჟი განახორციელა, რასაც ადგილობრივ მუსლიმების პროტესტი მოყვა; სამი თვის შემდეგ მინარეთი აღადგინეს. 2014 წლის ოქტომბერში სოფელ მოხეში მდებარე ნახევრად დანგრეულ შენობაზე დავას ადგილობრივ მუსლიმ თემსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოყვა.

საქართველოს შესახებ 1 მარტს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ორგანომ,  ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI), განაცხადა, რომ ხელისუფლებას „არ მიუღია ადეკვატური ზომები ქვეყანაში რელიგიურ შეუწყნარებლობასთან გასამკლავებლად“ და ასევე ვერ აამოქმედა კანონი, რომელიც რელიგიურ უმცირესობათა უფლებებს დაიცავდა მათზე განხორციელებული იმ თავდასხმების დროს, რომლებიც რელიგიური შეუწყნარებლობით იყო მოტივირებული.

„ამის ნაცვლად, ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი შეეცადნენ აემოქმედებინათ ადგილობრივი მედიაციის მექანიზმები, მოუწოდებდნენ დომინანტურ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მოლაპარაკებოდნენ ადგილობრივ მუსლიმ თემს ისლამოფობიური თავდასხმების შემდეგ“, – ნათქვამია მოხსენებაში.