საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრე ვერშბოუს 2 მარტს ბრიუსელში შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა მიხეილ ჯანელიძისა და ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების მონაწილეობით.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაიმეორა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს „რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის“ მიმართ და განაცხადა, რომ თანამშრომლობის არსებითი პაკეტი, რომელიც საქართველოს 2014 წელს შესთავაზეს, კარგად ხორციელდება.
მან ასევე „ხაზი გაუსვა მოკავშირეების მზადყოფნას მოიძიონ გზები საქართველოსთან ნატოს თანამშრომლობის გასაძლიერებლად“.
„შეხვედრის დროს, გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოში რეფორმების გაგრძელების საჭიროება აღნიშნა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში ალიანსის ოპერაციაში მისი წვლილისთვის. ამ წვლილმა, მისი თქმით, ქართულ შეიარაღებულ ძალებს საშუალება მისცა ნატოს ძალებთან თავსებადობის მაღალი დონისთვის მიეღწია“, – ნათქვამია ნატოს პრესრელიზში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ასევე „განხილული იქნა ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი“.
„გამოიხატა მზადყოფნა გადაიდგას ერთობლივი ნაბიჯები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე პრაქტიკულ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით“, – განაცხადა საგარეო უწყებამ.
მართალია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს დეკემბერში, რომ საქართველოს „აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ საბოლოო წევრობისთვის მოემზადოს“, მაგრამ მათ ასევე დაადასტურეს, რომ საქართველომ ნატო-ში გაწევრიანებისთვის ჯერ უნდა გაიაროს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ეტაპი, რომლის მიცემაზეც ქვეყანას 2008 წლის შემდეგ უარს ეუბნებიან. ნატოს და საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ალიანსი, სავარაუდოდ, არ მისცემს MAP–ს საქართველოს წლევანდელ ვარშავის სამიტზე. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ MAP–ზე გადაწყვეტილება, როდესაც მასზე ალიანსში კონსენსუსი შედგება, ფაქტიურად ნატოში გაწევრიანების მოწვევის ტოლფასი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.