რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს პრემიერ–მინისტრთან და კოალიცია ქართული ოცნების ლიდერთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომ ისინი ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან „სტრატეგიული თანამშრომლობაზე“ შეთანხმებას გეგმავენ.
შეხვედრა რესპუბლიკურ პარტიასა და მრეწველთა შორის არსებული დაპირისპირების ფონზე გაიმართა. ორი პარტიის ლიდერები უკვე კვირებია ერთმანეთთან დავაში არიან ჩართულნი, რომლის ფარგლებშიც მრეწველთა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გოგი თოფაძემ თავდაცვის რესპუბლიკელი მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.
3 მარტს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „პოლიტიკური დაპირისპირება“ რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის „სრულიად მიუღებელია“. მან ორივე პარტია გააკრიტიკა, მათ შორის თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და მოუწოდა, რომ უთანხმოებები დახურულ კარს მიღმა მოაგვარონ კოალიციის შიგნით; წინააღმდეგ შემთხვევაში, გააფრთხილა, რომ „ცვლილებების“ განხორციელება მოუწევს „მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირების“ უზრუნველყოფისთვის.
რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერ–მინისტრთან შეხვედრა ამ განცხადების შემდეგ მოითხოვა, „მოულოდნელად შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში“ გარკვევის მიზნით.
- კვირიკაშვილი მმართველ კოალიციაში პოლიტიკური დაპირისპირების მოგვარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებებზე აფრთხილებს
- ქართულ ოცნებაში შიდა დაპირისპირების ფონზე, პროკურატურამ საგარეჯოს შუალედური არჩევნების გამოძიება დაიწყო
პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში ხუთშაბათს საღამოს დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და რესპუბლიკელების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, დეპუტატი დავით ბერძენიშვილი ესწრებოდნენ.
„შედგა საუბარი პრემიერ–მინისტრთან და კოალიციის ლიდერთან, ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან. საუბარი იყო ძალიან საქმიანი, უკიდურესად კეთილგანწყობილი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ რესპუბლიკური პარტია, პარტია ქართული ოცნება ვრჩებით სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში“, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.
პრემიერ–მინისტრი კვირიკაშვილი ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ლიდერი გაზაფხულზე დაგეგმილ ყრილობაზე გახდება.
„და მეტიც, ძალიან მალე ჩვენ დავასრულებთ ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება მომავალზე იმისათვის, რომ კოალიციამ თავისი ამოცანები წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ მომავალშიც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„ამ საკითხში პრემიერის პოზიცია და რესპუბლიკური პარტიის პოზიცია არის ძალიან მყარი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას, სტრატეგიულს და არა ცალკეულ საკითხებზე თემატურს და მოკლევადიანს. ამასთანავე, რესპუბლიკელებსა და პარტია ქართულ ოცნებას შორის ამის თაობაზე შეთანხმება კიდევ უფრო დაზუსტდება“, – განაცხადა მან.
„სტრატეგიულ თანამშრომლობაში იგულისხმება ყველაზე უფრო მჭიდრო შესაძლო თანამშრომლობა პარტიებს შორის, მათ შორის მომავალ საარჩევნო კონტექსტში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
კითხვაზე ნიშნავს, თუ არა ეს ცვლილებებს კოალიციაში, რომელშიც პარტია ქართული ოცნების, რესპუბლიკელების და მრეწველების გარდა, ასევე შედიან ეროვნული ფორუმი და კონსერვატორები, უსუფაშვილმა უპასუხა: „სიახლე სჭირდება ყველაფერს, მათ შორის კოალიციასაც“.
კითხვაზე დაიშლება თუ არა კოალიცია, უსუფაშვილმა განაცხადა: „არანაირ კოალიციის დაშლაზე არ იყო საუბარი. კოალიციაში შესაძლო ცვლილებებზე პრემიერმა თავის განცხადებაში ისაუბრა, მაგრამ რაიმე კონკრეტულზე დღეს საუბარი არ ყოფილა“.
როდესაც მას ჰკითხეს, შეიცვლება თუ არა თავდაცვის მინისტრი იმ ფონზე, როდესაც ის პრემიერმა გააკრიტიკა, უსუფაშვილმა უპასუხა: „მე გეუბნებით, რომ სტრატეგიულ თანამშრომლობაში ვართ და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გეგმებზე ვისაუბრეთ და მეკითხებით, ვინმე დარჩება, თუ წავა თანამდებობიდან. ეს არარელევანტური შეკითხვაა“.
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ „საუბარი იყო იმ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებით დღეს შეკითხვები გაჩნდა, კონკრეტულად პრემიერის განცხადებაში“.
„ჩვენ გავცვალეთ აზრები, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები და როგორც გითხარით, დავიწყეთ საუბარი ორპარტიულ შეთანხმებასთან დაკავშირებით [რესპუბლიკელებსა და პარტია ქართულ ოცნებას შორის] და ძალიან მალე ამ შეთანხმების დეტალებიც გახდება ცნობილი“, – განაცხადა მან.
როდესაც მას პრემიერის მიერ თავდაცვის მინისტრის გაკრიტიკების შესახებ ჰკითხეს, სამნიძემ უპასუხა, რომ პრემიერი თავად გააკეთებს განცხადებას ამის თაობაზე.