პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო რესპუბლიკურ პარტიასთან პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას განიხილავს, რასაც კოალიციის სხვა წევრებიც უნდა შეუერთდნენ იმ შემთხვევაში, თუ კოალიცია მრავალპარტიულ გაერთიანებად დარჩება 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
პარასკევს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პარტია ქართული ოცნება „რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად განახლდება“.
კოალიცია ქართული ოცნება შემდეგ ხუთ პარტიას აერთიანებს: ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო; რესპუბლიკური პარტია; მრეწველები; კონსერვატიული პარტია და ეროვნული ფორუმი. მათგან ორი პარტია – რესპუბლიკელები და მრეწველები უკვე კვირებია ერთმანეთთან საჯარო დაპირისპირებაში არიან ჩართულნი, რომლის ფარგლებშიც მრეწველთა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გოგი თოფაძემ თავდაცვის რესპუბლიკელი მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.
რესპუბლიკელები თოფაძეს რუსული პროპაგანდისტული ხაზის მიმდევრობაში ადანაშაულებენ. ანტიდასავლური რიტორიკის და სტალინის მასობრივი რეპრესიების გამამართლებელი განცხადებების გამო თოფაძეს წარსულში რამდენჯერმე შეექმნა შეუსაბამობა მმართველი კოალიციის დეკლარირებულ პოლიტიკასთან. მისი ბოლო დროინდელი განცხადება პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა გააკრიტიკა და განაცხადა 3 მარტს: „საქართველოს მომავლისთვის უცხო და მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები, რადიკალიზმი და მარგინალური ფსევდოტრადიციები“.
თუმცა იმავე განცხადებაში 3 მარტს პრემიერ–მინისტრმა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც გააკრიტიკა მრეწველებთან საჯარო დაპირისპირებაში ჩართვის გამო.
მოგვიანებით 3 მარტს პრემიერ–მინისტრი რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ ისინი პარტია ქართულ ოცნებასთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ შეთანხმებას ამზადებენ.
რესპუბლიკელებთან შეხვედრის შესახებ, ასევე კოალიციაში ბოლო დროს არსებულ შიდა დაპირისპირების კომენტირებისას, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა 4 მარტს: „ვთვლი, რომ პოლიტიკური პროცესი, რომელიც დაიწყო, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ პროცესში, ბუნებრივია, რომ იქნება მოლაპარაკებები როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე მრავალმხრივ ფორმატში“.
„ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი საუბარი შედგა გუშინ საღამოს რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე ლიდერთან, სადაც ვისაუბრეთ იმაზე, რომ პარტნიორობა ქართულ ოცნებასა და რესპუბლიკურ პარტიას შორის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
„გარკვეული შეთანხმებები, რა თქმა უნდა, მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში, თუმცა კოალიცია არის მრავალპარტიული და თუ მრავალპარტიულ ფორმატში იქნება წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, შემდგომ იქნება მრავალმხრივ ფორმატში დასადასტურებელი“, – განაცხადა მან.
„პარტია ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად განახლდება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარშემო და მთლიანად, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი, რომელიც შეიკრიბება, შეიკრიბება ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო. ეს მიზნები იქნება, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, დაფუძნებული ჩვენს საუკეთესო ფასეულობებზე და ტრადიციებზე და რა თქმა უნდა, იქნება კონსენსუსი საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მომავალზე“, – განაცხადა პრემიერმა.
„ყველაფერი ეს ჯერ კიდევ წინ არის. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო. არჩევნებამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ კოალიციურ ფორმატში მუშაობას“, – განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე საუბრისას და დასძინა, რომ „თუ კოალიციაში აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა არსებობს და კოალიცია კიდევ იტანს ამ ტიპის სხვადასხვაობას, ჩვენ აქ მთავრობას გვაქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები მისაღწევი, უმნიშვნელოვანესი ამოცანები გადასაჭრელი და მთავრობის მონოლითურობის ხარისხი უნდა იყოს გაცილებით მაღალი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური ფოკუსირება და კონცენტრირება იმ ამოცანებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია, რომელიც არის აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიზნების მიღწევაში უნდა ვიყოთ ერთიანი“.
თავად ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რომელიც პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილის თავმჯდომარედ არჩევას გაზაფხულზე დაგეგმილ ყრილობაზე აპირებს, ეკლექტური ერთობაა, რომლის ზოგიერთი დეპუტატიც, სავარაუდოდ, თოფაძეს უფრო ემხრობა.
ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც პარტია ქართული ოცნება და კოალიცია ქართული ოცნება დააარსა, განახლების საჭიროებაზე 2015 წლის ოქტომბერში ისაუბრა, როდესაც განაცხადა, რომ შესაძლოა კოალიციის ამჟამინდელი დეპუტატების სულ ცოტა ნახევარი ვეღარ მოხვდეს საარჩევნო სიაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)