ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უთხრა დეპუტატებს 9 მარტს, რომ საქართველომ სრულად უზრუნველყო გაზმომარაგება მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულ კომპანია „სოკართან“ ახალ შეთანხმებას მიაღწია.
მან ეს განცხადება საგარეო საქმეთა და დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ მოსმენაზე გააკეთა.
ოპოზიციურმა დეპუტატებმა კალაძე პარლამენტში არაერთხელ დაიბარეს, რათა მას დეპუტატებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა კომპანია „გაზპრომთან “ გასულ თვეებში მიმდინარე მოლაპარაკებებზე, თუმცა ენერგეტიკის მინისტრი პარლამენტში მისვლაზე ფეხს ითრევდა.
იგი მხოლოდ მას შემდეგ მივიდა საკანონმდებლო ორგანოში, რაც საქართველომ აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოწოდება უზრუნველყო; ამ შეთანხებას საქართველომ 4 მარტს მიაღწია და მის ფარგლებში ქვეყანა გაზის დამატებით მოცულობას სამხრეთ კავკასიური გაზსადენის საშუალებით მიიღებს.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი შეთანხმების წყალობით, „გაზპრომიდან“ დამატებითი გაზის შესყიდვის საჭიროება აღარ არსებობს.
- ნაციონალურმა მოძრაობამ „გაზპრომის“ წინააღმდეგ ცოცხალი ჯაჭვის აქცია გამართა
- კალაძის თქმით, საქართველო „გაზპრომთან“’ გაზის ტრანზიტის არსებულ პირობებს შეინარჩუნებს
- საქართველოს თქმით, აზერბაიჯანიდან დამატებით გაზს მიიღებს და მეტი მოცულობის გაზი „გაზპრომიდან“ აღარ დასჭირდება
- აშშ-ის ელჩი საქართველოს მთავრობის „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ
სანამ „სოკართან“ შეთანხმებას მიაღწევდა, თბილისი თითქმის მზად იყო, რომ დათანხმებოდა „გაზპრომის“ მოთხოვნას გაზის ტრანზიტის საფასურის მონეტიზაციის თაობაზე – ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობა ამის მოტივად საერთაშორისო პრაქტიკას ასახელებდა და აცხადებდა, რომ თბილისს მოუწევდა რუსული კომპანიის შემოთავაზებაზე დათანხმება სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის 10%–ის ფულადი სახით მიღებაზე.
მონეტიზაციის შემთხვევაში, საქართველო, სავარაუდოდ, ვერ მიიღებდა საკმარის თანხას იმისათვის, რომ იგივე რაოდენობის გაზი შეეძინა, რასაც ის ახლა ტრანზიტის საფასურად იღებს. ამ შემთხვევაში, ქვეყანას მოუწევდა მეტი გაზის ყიდვა „გაზპრომისგან“, რაც გაზრდიდა ამ უკანასკნელის ხვედრით წილს ქვეყნის საერთო გაზმომარაგებაში. მოლაპარაკებების ფარგლებში ასევე განიხილებოდა გაზის ღირებულება და სხვა პირობები, როგორც ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები აღნიშნავდნენ.
თუმცა „სოკარისგან“ დამატებითი გაზის მოწოდების თაობაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, კალაძემ უთხრა დეპუტატებს, რომ საქართველომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში გარკვეული უპირატესობა მოიპოვა, რამაც საშუალება მისცა თბილისს მყარად დაეცვა საკუთარი პოზიცია და ისევ ტრანსპორტირებული გაზის 10% მოეთხოვა ნედლეულის სახით.
კალაძის თქმით, საქართველოს „სიტყვიერი შეთანხმება“ აქვს „გაზპრომისგან“ ამ პირობების შენარჩუნებაზე და იგი იმედოვნებს, რომ კონტრაქტს, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება, უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.
მისი თქმით, იმ პირობებში, როცა „გაზპრომთან“ კონტრაქტი ჯერ არ არის გაფორმებული, საქართველომ უკვე მოიხმარა, დაახლოებით, 140 მილიონი კუბური მეტრი გაზი სომხეთში გატარებული მოცულობის ტრანზიტის საფასურად. შარშან საქართველომ „გაზპრომისგან“ ტრანზიტის საფასურად, დაახლოებით, 200 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო.
საკომიტეტო მოსმენის დროს კალაძემ მიანიშნა, რომ თბილისის მოლაპარაკებებმა „გაზპრომთან“ კონკურენტული პირობები შექმნა, რაც „სოკართან“ ახალი შეთანხმების მიღწევას დაეხმარა. კონკურენციის შესახებ საუბრისას მან საკუთარი, როგორც ფეხბურთელის, გამოცდილება გაიხსენა და განაცხადა, რომ როდესაც მილანის საფეხბურთო კლუბში თამაშობდა, ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად მოთამაშეებს შორის დიდი კონკურენცია იყო და ეს ფაქტორი გუნდს წარმატებაში ეხმარებოდა.
როდესაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მას წინა განცხადებების შესახებ ჰკითხეს, რომლის თანახმადაც ის „დანაშაულად“ არ მიიჩნევდა, თუ საქართველო „გაზპრომისგან“ დაიწყებდა მეტი გაზის შეძენას, კალაძემ უპასუხა: „თუ ჩემს ქვეყანას დაჭირდება დამატებითი მოცულობები და ამის შესაძლებლობა ვერ გვექნება შემოვიტანოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, მაგალითად, აზერბაიჯანიდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიდან, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმისა, რომ მოხდეს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა საქართველოსი „გაზპრომიდან“ ნაყიდი გაზით. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება, თუ ჩვენ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ ჩავანაცვლოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, აზერბაიჯანი“.
მიესალმნენ რა ახალი შეთანხმებას „სოკართან“ და „გაზპრომთან“ არსებული სატრანზიტო პირობების შენარჩუნებას, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ასევე უთხრეს ენერგეტიკის მინისტრს, რომ ის საზოგადოებრივი პროტესტის გამო გახდა იძულებული, რომ ამ შედეგისთვის მიეღწია; სხვა შემთხვევაში, ნაციონალების თქმით, მთავრობა „გაზპრომის“ ლობირებას გააგრძელებდა ქართულ ბაზარზე მის შემოსაყვანად.
საკომიტეტო მოსმენის დროს ოპოზიციონერი დეპუტატები ხშირად ახსენებდნენ, როგორც მათ თქვეს, კალაძის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, რომელთაც ის „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების დროს აკეთებდა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა უთხრა კალაძეს, რომ თავდაპირველად ენერგეტიკის სამინისტროს სურდა, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები საიდუმლოდ შეენახა და საზოგადოებამ მის შესახებ მხოლოდ 2015 წლის სექტემბერში შეიტყო, როდესაც ამის შესახებ ინფორმაცია „გაზპრომმა“ და რუსულმა მედია გაავრცელეს. გაბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თავდაპირველად მთავრობის წევრები გაზის მოწოდების დივერსიფიკაციის საჭიროებაზე საუბრობდნენ, თუმცა შემდეგ შეცვალეს ეს პოზიცია და აცხადებდნენ, რომ საქართველოს მეტი გაზი უნდა შეეძინა „გაზპრომისგან“, ვინაიდან აზერბაიჯანს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ დამატებითი გაზი მოეწოდებინა საქართველოსთვის, რაც, გაბაშვილის თქმით, „სოკარმა“ უარყო.
ენერგეტიკის მინისტრმა უარყო ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებზე ბრალდებები და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები გამომდინარეობდა იქიდან, თუ რა საკითხები განიხილებოდა მოლაპარაკებების კონკრეტულ ეტაპზე. მან ასევე გაიმეორა, რომ „სოკარს“ მართლაც ჰქონდა „ტექნიკური“ პრობლემები გაზის მოწოდების კუთხით, ვინაიდან ერთ–ერთ მილსადენს, რომლითაც საქართველო გაზს იღებს (მეორეა სამხრეთ კავკასიური გაზსადენი), არ შეეძლო დამატებითი მოცულობის მოწოდება. სწორედ ამ მილსადენის გამტარიანობის გაზრდა იყო ერთ–ერთი ის თემა, რომელიც იანვარში „სოკარის“ ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის დროს იქნა განხილული.
კალაძემ, რომელიც პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანიცაა, უარყო ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა და მას „დემაგოგია“ უწოდა.
"ჩვენს მიერ, პირადად ჩემს მიერ, ბატონი პრემიერ-მინისტრის მხრიდან მიუხედავად არაერთხელ გაკეთებული განცხადებებისა კონსტრუქციულობაზე, ერთობლივ მუშაობაზე, მე ვფიქრობ ამ ადამიანებთან არანაირი აზრი არ აქვს, ეს ადამიანები ისევ თავიანთ გზას ადგანან – ეს მათი არჩევანია“, – განაცხადა კალაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავის დასკვნით სიტყვაში, „ეს ადამიანები არა მარტო ხელს გვიშლიან, არამედ თავის [ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს] გაფუჭებულ საქმეებს გვაბრალებენ“.