Site icon Civil.ge

კვირიკაშვილმა დაგმო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელება და უმკაცრესი პასუხის პირობა დადო

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაგმო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების ფაქტი, რომელშიც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიგურირებდა, როგორც „დარტყმა სახელმწიფოზე“ და პირობა დადო, რომ ყველა ის პირი, ვინც ჩანაწერი გადაიღო და გაავრცელა, „სამაგალითოდ დაისჯება“.

ვიდეო მიმართვაში, რომელიც შუაღამის შემდეგ გავრცელდა, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ამ საქმის გამოძიება იქნება „გამოცდა“ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის.

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის გამოძიების პროცესში ჩართოს „ნებისმიერი ორგანიზაცია“, ვისაც ამ საქმეში დახმარების გაწევა შეუძლია.

„ორი თვის წინ პირობა მივეცი ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩემი ყველა ნაბიჯი, ყველა განცხადება, ყველა საქმე მოემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და, პირველ რიგში, ადამიანს. თითოეული ადამიანის დაცვა სახელმწიფოს ღირსების საქმეა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„ის, რაც დღეს მოხდა, არის არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების დაშანტაჟებისა და დათრგუნვის მცდელობა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, და ჩვენი პასუხი ამ დარტყმაზე იქნება უმკაცრესი“, – აღნიშნა მან.

„ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მსგავსი დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ აღარასოდეს მოხდეს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„ვისი გადაღებული და გავრცელებულიც არ უნდა იყოს ეს ჩანაწერი, გეუბნებით, პირობას გაძლევთ, უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს იქნება სამაგალითო პასუხი, რომ "მსგავსი სიბინძურე თავში აღარავის მოუვიდეს“.

„სამაგალითოდ დაისჯება ყველა, ვინც საკუთარი ამაზრზენი მოქმედებებით საზოგადოების განვითარებას აფერხებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა. 

„მე დავალება მივეცი შესაბამის უწყებებს – პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსწრაფესად გამოიძიონ ეს საქმე. ეს არის საგამოძიებო უწყებების გამოცდა, რომელიც მათ უნდა ჩააბარონ“, – განაცხადა მან.

„ჩვენ მზად ვართ, გამოძიების პროცესში ჩავრთოთ ნებისმიერი ორგანიზაცია, ჯგუფი, ვისაც ამ საქმეში დახმარების გაწევა შეუძლია. სიტყვას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ეს საშინელი ჩანაწერები ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)