Site icon Civil.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თავის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძეს 15 მარტს ვაშინგტონში შეხვდა.

ჯონ კერიმ შეხვედრის დაწყებამდე საუბრისას გაიმეორა შეერთებული შტატების ცალსახა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ამჟამად საქართველოს ყურადღება ეკონომიკურ განვითარებაზე და საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისკენ არის მიმართული“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა.

„მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი, ერთიანი და აყვავებული საქართველო მნიშვნელოვანია კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – განაცხადა მან.

„ასევე ძალიან ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთში მიმდინარე ძალისხმევაში და მის აქტიურ კონტრტერორისტულ მხარდაჭერას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალურ დონეზე. ძალიან ვუჭერთ მხარს საქართველოს ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებს და მხარს ვუჭერთ მის ძალისხმევას, რომ ახლო ინტეგრაცია ჰქონდეს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროპასთან“, – განაცხადა მან.

კერიმ განაცხადა, რომ ის შეეცდება საქართველოს ივნისში ან „შესაძლოა მის შემდეგ მალევე“ ესტუმროს.

„ვცდილობთ გეგმები დავსახოთ იქ ჩასასვლელად, რადგანაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მეგობარია და გვინდა ნათლად დავანახოთ ქართველებს, თუ რამდენად ღრმაა ჩვენი მხარდაჭერა სრული დამოუკიდებლობისთვის და საზღვრების სრული ტერიტორიული და სუვერენული პატივისცემისთვის მათ ბრძოლაში“, – განაცხადა კერიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც აშშ–ს მიმდინარე კვირას სტუმრობს, განაცხადა, რომ „როგორც შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით ბოლო 25 წელი, საქართველოც ისევე უდგას მხარში  შეერთებულ შტატებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“.

„ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყველა სამთავრობო დონეზე არასოდეს ყოფილა ამაზე უფრო მეტად ძლიერი“, – განაცხადა მან.