Site icon Civil.ge

ქორწინების განსაზღვრის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების სამართლებრივი პროცედურები დაიწყო


ლგბტ უფლებების დამცველთა მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან ქუთაისში. ფოტო მოწოდებულია გამოცემა „17 მაისის“ მიერ/ქეთი კალანდაძე

პარლამენტმა 18 მარტს მხარი დაუჭირა სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში საჯაროდ განიხილავს ქართული ოცნების მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განსაზღვრავს ისახავს მიზნად.

15-წევრიანი კომისიის შექმნას 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ არავის მიუცია ხმა.

კომისიას ქართული ოცნების დეპუტატი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ხელმძღვანელობს და მასში ასევე შედიან დეპუტატები: გია ვოლსკი, ეკა ბესელია ფრაქცია ქართული ოცნებიდან; გუბაზ სანიკიძე ეროვნული ფორუმიდან; გიგა ბუკია კონსერვატორებიდან; გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე მრეწველთა ფრაქციიდან; გოჩა ენუქიძე და კახა ოქრიაშვილი ასევე უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებიდან, შესაბამისად, დამოუკიდებელი მაჟორიტარები-ძლიერი რეგიონებისთვის და უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები;  გია ცაგარეიშვილი თავისუფალი დემოკრატების ფრაქციიდან; გია გაჩეჩილაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი, მწვანეთა პარტიის ლიდერი; ასევე კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, მსახიობი მერაბ თავაძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ნანა ჭიღლაძე.

ამ შემადგენლობით კომისია ერთი თვის განმავლობაში საჯაროდ განიხილავს შემოთავაზებული ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში 36-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგი ფორმულირებით უნდა ჩამოყალიბდეს: „ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას“. 

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მოქმედ რედაქციაში წერია, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.  საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კი აზუსტებს, რომ ქორწინება არის „ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი“, რაც კრძალავს ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინებას.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მიუხედავად იმისა, „სადავო არ არის“ მოქმედ კონსტიტუციურ ნორმასთან სამოქალაქო კოდექსის ქორწინებასთან დაკავშირებული მუხლის შესაბამისობა, „არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით“ მიზანშეწონილია, რომ კონსტიტუციაში  „უფრო ნათელი და მკაფიო“ ჩანაწერი გაკეთდეს,  რაც მოხსნის „კითხვებსა და  წუხილებს საზოგადოების დიდ ნაწილში, რომელიც ეხება კონსტიტუციისა და სამოქალაქო კოდექსი არსებულ ქორწინებისა და ოჯახის მკაფიო დეფინიციას“.

ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინების წინააღმდეგ მიმართული ამ კანონპროექტის ავტორები მმართველ კოალიციაში შემავალი შემდეგი ოთხი პარტიაა: ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, კონსერვატორები, ეროვნული ფორუმი და მრეწველები.

რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც კოალიციის მეხუთე წევრია, მართალია განაცხადა, რომ ცვლილებების შინაარს იზიარებს, მაგრამ გაემიჯნა ინიცირების პროცესს იმ მოტივით, რომ პროექტი ვერ მოიპოვებს 113 დეპუტატის მხარდაჭერას პარლამენტში, რაც საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად არის საჭირო.

საპარლამენტო განხილვისას თავის გამოსვლაში რესპუბლიკელთა ფრაქციის ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა მოუწოდა, რომ არსებული „ტაქტიკური სხვაობების“ გამო იმის შესახებ, თუ „ვინ თვლის, რომ შესაძლებელია 113 ხმის მოგროვება და ვინ თვლის, რომ ნაკლები ალბათობაა“ ამის, „ნებსით ნუ უნებლიედ ერთმანეთისგან ნუ შევქმნით მტრის ხატს“.

იმ 80 დეპუტატს შორის, რომლებმაც 14 მარტს კანონპროექტის ინიცირება მოახდინეს, რესპუბლიკელთა 10-წევრიანი ფრაქციის ორი დეპუტატის მალხაზ წერეთლისა და ფრიდონ საყვარელიძის ხელმოწერებიც ფიგურირებს.

ინიციატორებს შორის არის ასევე ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ 8-წევრიანი ფრაქციის თითქმის სრული შემადგენლობა, ერთი დეპუტატის – ნინო გოგუაძის გამოკლებით. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ განაცხადეს, რომ ამ ინიციატივას მხარს მისი შინაარსიდან გამომდინარე და ასევე იმ სპეკულაციის დასასრულებლად უჭერენ, რომელსაც რუსული პროპაგანდა ქვეყანაში ანტიევროპული განწყობების გაღვივებისთვის იყენებს. 

საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას ხელს არ აწერენ ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის და ასევე, ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ დეპუტატები, რომელთა განცხადებითაც, ხელისუფლებას ამ თემის წინ წამოწევა წინასაარჩევნოდ ქულების დასაწერად და ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად ჭირდება. 

„ის, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, ეს დღეს სამოქალაქო კოდექსში წერია და არავინ ამის შეცვლას საქართველოს არ თხოვს. ამ საკითხის წამოწევა არის რუსული პროპაგანდის ლეგიტიმაცია, თითქოს ვიღაცა თავს გვახვევს რამე სხვას, როცა ეს ასე არ არის", – განუცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს.  

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა დეპუტატმა გიგი წერეთელმა განხილვის დროს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ხელოვნურად წამოწეულ“ ამ საკითხზე მისი პარტია საორგანიზაციო კომისიის შექმნას არ ეწინააღმდეგება, ბოიკოტს უცხადებს საერთო-სახალხო განხილვის პროცესს. „როდესაც მოვა საკითხი პარლამენტში განსახილველად, ალბათ საბოლოო გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებთ“, – დასძინა მან.

ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას 150–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში სულ ცოტა 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება; ამასთან საკონსტიტუციო ცვლილებები სამი მოსმენით მიიღება იმ დათქმით, რომ  კანონპროექტი პირველი და მეორე მოსმენებით განიხილება და მიიღება ერთსა და იმავე სესიაზე, ხოლო მესამე მოსმენით განიხილება და მიიღება მხოლოდ პარლამენტის მომდევნო სესიაზე, მეორე მოსმენით მიღებიდან არანაკლებ სამი თვის შემდეგ.

კონსერვატორმა დეპუტატმა მმართველი კოალიციიდან გიგა ბუკიამ განაცხადა, რომ მაღალი კვორუმის საჭიროების მიუხედავად, „ჩვენ მოვახერხებთ და ამ ცვლილებას კონსტიტუციაში რეალურად ჩავწერთ“.

დებატების დროს ქართული ოცნების დეპუტატებსა და მათ ოპონენტებს შორის ნაციონალური მოძრაობიდან გაწევ-გამოწევასაც ჰქონდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ადგილი, თუმცა ინციდენტი ძალადობაში გადაზრდის გარეშე განიმუხტა. 

პარალელურად, ქუთაისში პარლამენტის შენობის გარეთ ლგბტ პირების უფლებების დამცველთა მონაწილეობით მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგ. ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრა „პოპულისტური“ ინიციატივაა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს კონსერვატიული საზოგადოების და მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერის მოპოვებას ისახავს მიზნად და ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების შემდგომ გაღვივებას შეუწყობს ხელს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლადო ბიწაძემ, განაცხადა: „ჩვენი მოთხოვნაა რომ შეწყდეს ლგბტ თემის დემონიზება საქართველოში და შეწყდეს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ამ თემის გამოყენება, როგორც წინასაარჩევნოთ კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფების მხარდაჭერის მოპოვების ინსტრუმენტი. არცერთ ლგბტ ორგანიზაციას არ დაუყენებია ეს საკითხი, რომ მოხდეს ქორწინების თანასწორი უფლების ჩაწერა კონსტიტუციაში.“

პარლამენტის გარეთ მიმდინარე აქციას ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატი ჰომოფობიური განცხადებით გამოეხმაურა.

„უბრალოდ ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია – იმ ქალაქიდან, საიდანაც დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან გაპიდარასტებას იწყებენ მგონი ზოგიერთები“, – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა.

ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ ჟურნალისტებს სიცილით უთხრა: „ქუთაისში პიდარასტების აქციაა?.. ამას თუ მოვესწრებოდი, არც დამესიზრებოდა“.

იმავდროულად, პარლამენტში განხილვის დროს ქართული ოცნების ფრაქციის ლიდერმა გია ვოლსკიმ საკონსტიტუციო ცვლილებების თემის ირგვლივ „ხელოვნური დაპირისპირებების“ და „აჟიოტაჟის“ შექმნის წინააღმდეგ მოუწოდა, რაც „არა მხოლოდ ყველას დააზიანებს, არამედ იქნება საზიანო ქვეყნის უსაფრთხოებისათვის“.

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 7 მარტს კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა. ქართული ოცნების ხელისუფლებამ პირველად ეს იდეა 2014 წლის მარტში გააჟღერა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან ერთად; ამ უკანასკნელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია შეეწინააღმდეგა, რომელიც ამაოდ შეეცადა „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული თანასწორობა“ ამოღებული ყოფილიყო ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტიდან, რომელიც პარლამენტმა 2014 წლის მაისში მიიღო.

თუმცა ქართული ოცნება არ იყო პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების წინააღმდეგ კონსტიტუციაში ცვლილებების იდეა წამოაყენა. 2013 წლის არჩევნებში ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის მაშინდელმა ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, რომელმაც ელექტორატის 1.06%-ის მხარდაჭერა მიიღო, კამპანია სწორედ ამ თემის წამოწევით აწარმოა და კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირების მიზნით მოქალაქეთა  ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)