Site icon Civil.ge

პროკურატურამ შეწყალების მიზნით ზეგავლენით შესაძლო ვაჭრობის საქმეზე გამოძიება ბრალის წაყენების გარეშე შეწყვიტა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 18 მარტს განაცხადა, რომ შეწყალების პროცესში ზეგავლენით შესაძლო ვაჭრობის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა, რადგანაც კორუფციული გარიგების ფაქტი არ დადასტურდა და შესაბამისად, ბრალიც არავის წაყენებია.

გამოძიება დეკემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების ორი დეპუტატი – ეკა ბესელია და მანანა კობახიძე – მასზე ზეგავლენას ახდენდა 2010 წლის „კოკაინის საქმეზე“ დაკავებული რამდენიმე მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლების მიზნით. ელისაშვილმა, რომელიც ამჟამად, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატია, განაცხადა, რომ ოფიციალურმა პირმა, რომლის დასახელებისგანაც მან თავი შეიკავა, უთხრა, რომ ბესელიამ და კობახიძემ ავანსის სახით 200 000 აშშ დოლარი აიღეს და კიდევ 1.5 მილიონი აშშ დოლარი უნდა მიეღოთ „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარების სანაცვლოდ. 

დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეა  და პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, მანანა კობახიძემ უარყვეს ელისაშვილის ეს ბრალდებები.  თუმცა, კობახიძემ დაადასტურა მისი ინტერესი „კოკაინის საქმეში“ ფიგურანტი პირების მიმართ, რადგან ხუთი წლის წინ მიმდინარე სასამართლო პროცესზე ის მათი ადვოკატი იყო.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ე.წ. „კოკაინის საქმეზე’’ მსჯავრდებულ პირებსა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს შორის შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კორუფციული გარიგების ფაქტი, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე შეწყვიტა გამოძიება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღწერილია გამოძიების პროცესში განხორციელებული ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედების დეტალები.

ელისაშვილმა, რომელმაც დეკემბრის ბოლოს პროკურატურა გამოძიების „ჩაფარცხვაში“ დაადანაშაულა, განაცხადა 18 მარტს, რომ პროკურატურა ემსახურებოდა არა სიმართლის დადგენას, არამედ დანაშაულის დაფარვას.

„პროკურატურა მუშაობდა ჩაფარცხვაზე და მათი ჭკუით ჩაფარცხეს, მაგრამ თავს იტყუებენ“, – განაცხადა ელისაშვილმა 18 მარტს მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გამოძიების დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება, „მათ მაქსიმალურად ხელი დააფარეს ბესელია–კობახიძეს“.

ეკა ბესელიამ უთხრა ჟურნალისტებს 18 მარტს, რომ გამოძიებამ დაადასტურა მისი და კობახიძის განცხადებები, რომ ელისაშვილი „მიზანმიმართულად ტყუოდა“. 

„მან ახლა პასუხი უნდა აგოს ცრუ ჩვენებისთვის“, – განაცხადა მან.