საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ საგარეჯოს შუალედური არჩევნების სავარაუდო გაყალბების მიზნით საჯარო მოხელეთა მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებები არ დადასტურდა, რის გამოც ამ საქმეზე 25 თებერვალს დაწყებული გამოძიება შეწყდა.
გამოძიება პროკურატურამ მას შემდეგ დაიწყო, რაც კოალიცია ქართული ოცნების წევრი პარტიის, მრეწველების ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გოგი თოფაძემ კოალიციაში პარტნიორი პარტიის წევრი, თავდაცვის რესპუბლიკელი მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოში 31 ოქტომბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. ამ ბრალდებას კოალიციაში შიდა დაპირისპირება მოყვა.
ამ ფონზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომელიც თითქმის ერთი თვე გრძელდებოდა და რომლის ფარგლებშიც, სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, 30-მდე მოწმე დაიკითხა, ასევე შესწავლილ იქნა საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია, მათ შორის „პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხსენებული არჩევნების შედეგების კანონიერებასთან დაკავშირებით“.
„ჩატარებული გამოძიების შედეგად, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, საჯარო მოხელეების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა“, – განაცხადა 21 მარტს მთავარმა პროკურატურამ.
საგარეჯოში მაჟორიტარული არჩევნები მმართველი კოალიციის რესპუბლიკელმა კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა მცირე უპირატესობით მოუგო ირმა ინაშვილს, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ–ერთ ლიდერს, რომელმაც არჩევნების შედეგები გაასაჩივრა, მათ შორის ცესკოსა და სასამართლოებში, თუმცა ყველა საქმე ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე წააგო, ვიდრე პროკურატურა გამოძიებას დაიწყებდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)