საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ვიზიტის დროს 22 მარტს მეფე სალმანს შეხვდა.
„გვქონდა უაღრესად კეთილგანწყობილი და ნაყოფიერი შეხვედრა მეფე სალმანთან“, – განაცხადა უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, რომ „ისეთი ძლიერი და გავლენიანი ქვეყანა, როგორც არის საუდის არაბეთი, არის დაინტერესებული საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობებით“.
„ძალიან საყურადღებო იყო მეფე სალმანის მითითებები თავისი კაბინეტის წევრებისთვის, რომ გააქტიურდეს მუშაობა საქართველოს მიმართულებით. მან სპეციალურად აღნიშნა და ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ გვექნება საუდის არაბეთის მხარდაჭერა გაეროს ლტოლვილთა რეზოლუციის საკითხში“ , – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მას მხედველობაში ჰქონდა დევნილების და ლტოლვილების შესახებ შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუციაა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეა საქართველოს ინიციატივით ყოველწლიურად იღებს 2008 წლის შემდეგ.
საუდის არაბეთმა, რომელიც ჩვეულებრივ იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებიც თავს იკავებდნენ კენჭისყრაში მონაწილეობისაგან, 2014 წელს და 2015 წელსაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
„ძალიან მნიშვნელოვანია საუდის არაბეთის განწყობა იმის თაობაზე, რომ მეტად შეძლონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში უსუფაშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, აბდულა ბინ მოჰამედ ბინ იბრაჰიმ ალ-შეიხთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
უსუფაშვილი, რომელსაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძეც ახლდა ვიზიტის დროს, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანსაც შეხვდა.