სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ იწყებს საინფორმაციო კამპანიას სახელწოდებით „წამმზომი ჩართულია“, რათა მუდმივად შეახსენოს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების შექმნის, მოპოვებისა და ინტერნეტში უკანონოდ ატვირთვის საქმეზე გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
ნანუაშვილმა 28 მარტს განაცხადა, ის ამ კამპანიის ფარგლებში დროის ათვლას იწყებს 11 მარტიდან, როცა ფარულად ჩაწერილი ინტიმური კადრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა YouTube-ზე, რომელშიც, სავარაუდოდ, ერთ–ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიგურირებდა; მისი თქმით, წამმზომი „დამნაშავე პირების გამოვლენამდე“ იქნება ჩართული.
პირველი ვიდეოს გავრცელებიდან სამ დღეში, 14 მარტს რამდენიმე პოლიტიკოსს და ჟურნალისტს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებით დაემუქრნენ. მუქარის ტექსტი თან ახლდა ინტერნეტში ატვირთულ ვიდეოს, რომელშიც დაუდგენელი პირების პირადი ცხოვრების ინტიმური კადრები იყო ასახული. მუქარის ადრესატები სამი პოლიტიკოსი, მათ შორის ერთი ოპოზიციონერი და ჟურნალისტი არიან, რომელთაც მოუწოდეს 31 მარტამდე უარი თქვან საკუთარ პროფესიულ საქმიანობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნება დააანონსეს.
ამ ვიდეოებით შანტაჟის წინააღმდეგ სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება“ გააქტიურდა, რომელიც რეგულარულად მართავს საპროტესტო აქციებს და ოფიციალურ შეხვედრებს ეფექტური გამოძიების ჩატარების და უკანონო თვალთვალის წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების მოთხოვნით. სამოქალაქო კამპანიამ ასევე გააკრიტიკა ზოგიერთი პოლიტიკოსის, მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატის თამაზ მეჭიაურის პოზიცია, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა, რომელთა წინააღმდეგაც „მაკომპრომეტირებელი მასალა არსებობს“, თანამდებობები უნდა დატოვონ.
ორივე ამ ვიდეოს და ასევე მუქარის გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გამოძიების პროცესში გარკვეული პროგრესია, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რაში მდგომარეობს ეს.
„საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, რომელსაც სახელმწიფომ უნდა უპასუხოს – ვინ შექმნა, მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და როგორ უნდა აღმოიფხვრას მსგავსი შემთხვევის განმეორების რისკი, რაც საზოგადოების ცალკეული წევრის შანტაჟის და მანიპულაციის წარმატებულ პრაქტიკად უკვე ყალიბდება, სამწუხაროდ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
„იმისათვის, რომ საზოგადოებაში აღდგეს პირადი ცხოვრების დაცულობის განცდა და აღმოიფხვრას დანაშაულის ჩამდენ პირებში დაუსჯელობის სინდრომი, აუცილებელია თითოეული მსგავსი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება გამოძიების შედეგების შესახებ. სწორედ უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი ფაქტების გამოუძიებლობამ განაპირობა მნიშვნელოვნად პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევის პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“, – აღნიშნა მან.
"საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის და ლეგიტიმური აუცილებლობის გათვალისწინებით სახალხო დამცველი იწყებს დღის, საათის და წუთის ათვლას დანაშაულის ჩადენიდან – 2016 წლის 11 მარტიდან, დამნაშავე პირების გამოვლენამდე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს – 2016 წლის 11 მარტს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ვინ შექმნა და გაავრცელა და როგორ მიმდინარეობს ამ დანაშაულის გამოძიება."
„სახალხო დამცველი კამპანიის ფარგლებში, პერიოდულად შეახსენებს საზოგადოებას და საგამოძიებო ორგანოებს ამ დანაშაულის თაობაზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, – დასძინა ნანუაშვილმა.