რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც მმართველი კოალიცია ქართული ოცნების წევრია, განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „პარტიის მონაწილეობის ფორმაზე“ გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც უახლოეს დღეებში გაკეთდება განცხადება.
ორშაბათს პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის სახელით გავრცელებულ ამ განცხადებას მედიაში სპეკულაციები მოყვა მმართველი კოალიციიდან რესპუბლიკელების შესაძლო გასვლის თაობაზე.
ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, თავის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა: „რესპუბლიკელები არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას. საკითხი ეხება მხოლოდ მომავალ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმატს და ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი“.
არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა 26–27 მარტს გამართულ შეხვედრაზე იმსჯელა.
საქართველოს კანონმდებლობა არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ორ ფორმას იცნობს – ერთი პარტიის დამოუკიდებლად მონაწილეობას, ხოლო მეორე სხვა პარტიასთან ან პარტიებთან ერთიან ბლოკში არჩევნებზე გასვლას გულისხმობს.
კოალიციაში დაპირისპირების ფონზე მარტის დასაწყისში კოალიციურ ურთიერთობებსა და ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსა და რესპუბლიკურ პარტიას შორის დაგეგმილ პატნიორულ შეთანხმებაზე საუბრისას, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებისთვის მმართველი ძალის კონფიგურაცია, ეს სამომავლო შეთანხმების საგანია, რომელიც ისე უნდა იქნეს მიღწეული, რომ სახელმწიფოს მართვას ზიანი არ მიადგეს.
„მომავალ არჩევნებზე კოალიცია რა კონფიგურაციით წარსდგება, ეს არის მომავლის საქმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხის გარკვევისას, დღეს კოალიციას რაიმე საფრთხე უნდა დაემუქროს იმიტომ, რომ ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული 4 წლით, ჩვენ სახელმწიფოს ვმართავთ და არა საკუთარ თავს, ჩვენ სახელმწიფო პასუხისმგებლობა გვაკისრია და ამიტომ უნდა ვიყოთ ყველა მზად იმისთვისაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ერთი პასუხისმგელობით, ერთიანი გუნდით ვმართოთ ქვეყანა, ხოლო მომავალ არჩევნებზე შეიძლება სხვანაირად იყოს ეს ყველაფერი“, – განაცხადა უსუფაშვილმა 7 მარტს მედიასთან შეხვედრისას.
„რომ მოხდეს და ერთი თვის შემდეგ გაირკვეს რაღაცის გამო, რომ რესპუბლიკური პარტია მომავალ არჩევნებზე შეიძლება ცალკე გავიდეს, ამის გამო ჩვენ არ ვაპირებთ ჩამოვშალოთ ხელისუფლება და უმრავლესობა პარლამენტში“, – დასძინა მაშინ მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)