ოპოზიციური თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გამორიცხა საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შესაძლებლობა რესპუბლიკურ პარტიასთან, რომელიც მიმდინარე კვირას გააკეთებს განცხადებას საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ დამოუკიდებლად აპირებს მომავალ არჩევნებში მონაწილეობას, თუ ისევ კოალიცია ქართული ოცნების შემადგენლობაში.
მას შემდეგ, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ ორშაბათს განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „პარტიის მონაწილეობის ფორმაზე“ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საჯაროდ ამის შესახებ „უახლოეს დღეებში“ განაცხადებს, ვრცელდება სპეკულაციები, რომ რესპუბლიკელებმა და კოალიცია ქართულმა ოცნებამ შესაძლოა ცალ-ცალკე იყარონ კენჭი მომავალ არჩევნებზე. 28 მარტს პარტიის ლიდერებმა თავი შეიკავეს, როგორც ამ გადაწყვეტილების დეტალების გამხელისგან, ასევე იმის განმარტებისგან, თუ რატომ გადაწყვიტეს განცხადების რამდენიმე დღით გადადება. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გამორიცხა, რომ პარტია არჩევნებამდე დატოვებს მმართველ კოალიციას, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის სასარგებლოდაც რომ იყოს, რესპუბლიკელები არჩევნებამდე მმართველ კოალიციაში დარჩენას და სახელისუფლო თანამდებობების შენარჩუნებას აპირებენ.
კითხვაზე შესაძლებელია, თუ არა თავისუფალი დემოკრატების და რესპუბლიკელების ერთ ბლოკში ყოფნა მომავალი არჩევნებისთვის, ირაკლი ალასანიამ უთხრა „TV პირველს“ 28 მარტს: „არა“.
„ასეთი მოლაპარაკებები არც ყოფილა და არც მომავალში არ იქნება“, – განაცხადა ალასანიამ, რომლის პარტიაც ჯერ-ჯერობით ერთადერთია, რომელმაც კოალიცია ქართული ოცნება 2014 წლის ნოემბერში დატოვა.
„ჩვენ გვექნება თანამშრომლობა რესპუბლიკურ პარტიასთან, როგორც ჩვენს პარტნიორ პარტიასთან წლების განმავლობაში, სხვადასხვა სახელმწიფოებრივ თემებზე, საგარეო პოლიტიკაზე და ჩვენ ეს პარტნიორობა არ შეგვიწყვეტია, სხვათა შორის ახლაც კი. მაგრამ რაც შეეხება საარჩევნო თანამშრომლობას, ერთიან ბლოკს ან რაღაც პარტიულ შეთანხმებას, ასეთი რამ გამორიცხულია“, – განაცხადა ალასანიამ.
„თავისუფალი დემოკრატები დამოუკიდებლად გავდივართ ამ არჩევნებზე“, -აღნიშნა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)