მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპოლუსი 2 აპრილს თბილისს სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან ილია მეორესთან. იგი ასევე შეხვდა ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი დემოკრატების ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ევროკომისიამ ოფიციალური წინადადება შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების მიზნით 9 მარტს წარადგინა. იმისთვის, რომ ეს რეგულაციები ძალაში შევიდეს, ის ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცონ.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საბჭო და ევროპარლამენტი მომდევნო თვეებში მიიღებენ ჩვენს წინადადებას. ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან, ძალიან მალე მოხდება,“ – განაცხადა ავრამოპოლუსმა 2 აპრილს თბილისში საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა: „განსაკუთრებით მადლობელი ვართ, რომ ევროკომისიამ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები უაღრესად პოზიტიურად შეაფასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო მგზავრობის შემოღების მიზნით ცალკე საკანონმდებლო პროცესის ინიცირება მოახდინა“.
პრემიერ–მინისტრმა არ დააკონკრეტა, თუ რა გულისხმობდა „ცალკე საკანონმდებლო პროცესის ინიცირებაში“, თუმცა მას, სავარაუდოდ, ის ფაქტი ჰქონდა მხედველობაში, რომ საქართველოს და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხები ევროკომისიამ ერთ პაკეტში არ განიხილა.
„იმედი გვაქვს, რომ ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო იხელმძღვანელებენ ევროკომისიის შეფასებით და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნება საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოსა და მიღწეული პროგრესის საფუძველზე“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
იმავდროულად, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
„გვჯერა, რომ საქართველოსთვის მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი იქნება წამახალისებელი მოდელი ევროკავშირის სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის და ეს გახდება იმის დემონსტრირება, რომ რეფორმები ხელშესახებია და სახელმწიფოები "მეტი მეტის სანაცვლოდ“ პრინციპის შესაბამისად იმოქმედებენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ევროკავშირის გაცხადებული პრინციპი, რომ ის მეტ სტიმულირების მექანიზმებს შესთავაზებს იმ პარტნიორებს, რომლებიც უფრო მეტ პროგრესს მიაღწევენ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების საქმეში.