საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეშფოთება გამოთქვა მთაინ ყარაბაღში სიტუაციის ესკალაციისა და საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში.
„არ შემიძლია არ გამოვთქვა შეშფოთება ჩვენს სამეზობლოში სიტუაციის ესკალაციის გამო. ჩვენ გვინდა, რომ დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით შესაძლებელი გახდება სიტუაციის დეესკალაცია, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა 4 აპრილს სახალხო დიპლომატიის ფორუმის გახსნისას, რითაც საქართველოში ნატო-ს კვირეული დაიწყო.
მანამდე, კვირას პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა მთავრობის, პარლამენტის და უსაფრთხოების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა, რათა საქართველოს მეზობლებს, აზერბაიჯანს და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული კონფლიქტის საკითხი განეხილათ, სადაც განახლებული შეტაკებების შედეგად ბოლო ორი დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაიღუპა.
შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი; საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი (შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გერმანიას სტუმრობს); პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური; დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი; სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე; პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე; პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი; ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე და ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი.