საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე ტელეფონით ესაუბრა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 4 აპრილს.
თავდაცვის უწყების ცნობით, ხიდაშელმა „იმედი გამოთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი გახდება და პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდება“.
„მინისტრის განცხადებით, რეგიონში სტაბილურობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და საერთაშორისო თანამეგობრობამ ვითარების დეესკალაციისთვის ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
Talked w/ my colleagues in Armenia&Azerbaijan.Hope for immediate ceasefire and talks.Stability in Caucasus is of existential importance f GE
— Tina Khidasheli (@tinakhidasheli) April 4, 2016
პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა 3 აპრილს მთავრობის, პარლამენტის და უსაფრთხოების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა, რათა საქართველოს მეზობლებს, აზერბაიჯანს და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული კონფლიქტის საკითხი განეხილათ, სადაც განახლებული შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.
4 აპრილს თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა შეშფოთება გამოხატა სამეზობლოში სიტუაციის ესკალაციის გამო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, გენერალ–მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა ჟურნალისტებს ფორუმის ფარგლებში, რომ „გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი ჩვენს კოლეგებთან როგორც აზერბაიჯანში, ისე სომხეთში“. „იმედი მაქვს, რომ მოხდება ცეცხლის შეწყვეტა“, – განაცხადა მან.