მთავარმა პროკურატურამ 8 აპრილს განაცხადა, რომ მარტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების „კომპრომატებად გამოყენების მიზნით“ შექმნასა და მოპოვებაში ეჭვიტანილი კონსტიტუციური უსაფრთხოების და პოლიციის ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა, ხოლო საქმესთან შემხებლობაში მყოფი კიდევ ორი პირი იძებნება.
დაკავებულთა შორის არიან შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის (კუდი) დირექტორის ყოფილი მოადგილე და 1999 წლის მოწვევის პარლამენტის ყოფილი წევრი ვაჟა ლელუაშვილი, რომლის მიმართაც ისევ გრძელდება სასამართლო პროცესი 2012 წლის ნოემბრის საქმეზე, რომელიც კომპიუტერულ ქსელებში არასანქცირებული შეღწევით უკანონო თვალთვალის განხორციელებას ეხება; ასევე კუდის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი და ამავე სამმართველოს ყოფილი მაღალჩინოსანი რომან ზაალიშვილი, ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე და ამავე სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი. ამ უკანასკნელის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი, პროკურატურის განცხადებით, გამოძიებას მიემალა, ხოლო კუდის ერთ-ერთი სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი, ვინაიდან მას დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები.
მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და ისჯება 5-დან 8 წლამდე პატიმრობით.
„გამოძიებით დადგენილია, რომ 2011-2012 წლებში, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ვასილ ლელუაშვილის ორგანიზებითა და დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები მაკომპრომატირებელი მასალის შეგროვების მიზნით ახდენდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების წინასწარ შერჩევას, უკანონო თვალთვალს და მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კონკრეტულად საუბარია, 11 მარტს და 14 მარტს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოების უკანონოდ შექმნაზე და შესაბამისად, პროკურატურის განცხადებიდან გამომდინარე, განხორციელებული დაკავებები და წარდგენილი ბრალდებები, ამ ეტაპზე მაინც, ოთხი წლის წინ მოპოვებული ამ ორი ვიდეოს ინტერნეტში ატვირთვის ფაქტს არ უკავშირდება.
„როგორც მოპოვებაზე, ასევე გავრცელებაზე გამოძიება გრძელდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბრიფინგზე პროკურატურის წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ, „ბუნებრივია ყველა კითხვას გამოძიება ახლა ვერ გასცემს პასუხს“.
„დაკავებული პირები [დანაშაულს] არ აღიარებენ, მაგრამ არიან მოწმეები, რომლებსაც უშუალო შემხებლობა ჰქონდათ როგორც მოპოვებასთან, ასევე დამონტაჟებასთან ამ ფარული აღჭურვილობის“,- განაცხადა მან და დასძინა, რომ იმ მოწმეთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც თანამშრომლობენ გამოძიებასთან, „ჯერ არ დამდგარა“.
პროკურატურის განცხადებით, მარტში გავრცელებული ერთ-ერთი ვიდეო 2012 წლის 5 მაისს არის ჩაწერილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე სასტუმროს ნომერში, სადაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მოპოვების მიზნით, წინასწარ მოხდა ფარული გადამღები მოწყობილობის დამონტაჟება, რადგან ყოფილ სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსი აპირებდა იქ გაჩერებას.
ამ შემთხვევის მსგავსად, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ვაჟა ლელუაშვილი იყო ასევე კიდევ ერთი ვიდეოს მოპოვებაზე დავალების გამცემი, რის შედეგადაც 2012 წლის 5 ივნისს თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსების შედეგად უკანონოდ იქნა მოპოვებული მაშინდელი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი კიდევ ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიებით ასევე დაადგინა, რომ ვაჟა ლელუაშვილის დავალებით განხორციელდა 2011 წლის დეკემბერში თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სათვალთვალო კამერების განთავსება და ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მოპოვება, რომელიც 2013 წლის მაისში საჯარო სივრცეში გავრცელდა. ეს სავარაუდოდ იმ ვიდეოს ეხება, რომლის გავრცელების გამოც, 2013 წლის მაისში შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედი მოადგილე დააკავეს, ორ დღეში გირაოთი გაათავისუფლეს და ერთი წლის თავზე ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)