სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის გამართვის განზრახვა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე, რომელიც მას საშუალებას მისცემს, რომ მოსკოვს ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების თხოვნით მიმართოს, „აგვისტომდე გაიმართება“.
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ვერც ერთ რეფერენდუმს ვერ ექნება რაიმე იურიდიული ძალა და ლეგიტიმაცია მანამ, სანამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეფექტურ კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია და აღნიშნული რეგიონებიდან გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 12 აპრილს.
„განცხადებები რეფერენდუმთან და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთებასთან დაკავშირებით წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების, პირველ რიგში კი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესის გაგრძელებას, ატარებს პროვოკაციულ ხასიათს და ემსახურება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას“, – განაცხადა ზალკალიანმა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, თავი შეიკავოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ისედაც რთული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისა და ესკალაციისგან და შეასრულოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები“, – განაცხადა მან.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ის შედეგები და გამოწვევები, რაც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციასთან მიერთების მიზნით რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებას შეიძლება მოჰყვეს, და მიიღოს სათანადო ზომები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პრევენციის მიზნით“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)