Site icon Civil.ge

პოლიტიკური რეიტინგები NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში

გამოკითხულთა 61% აცხადებს, რომ მას არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ნათქვამია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით შვიდი თვით ადრე ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რომელიც ასევე აჩვენებს, რომ პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს რეიტინგს თითქმის უტოლდება ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა და უფრო ფართო კვლევის ნაწილია,  კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩაატარა და  წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ქვეყნის მასშტაბით 3 900 რესპოდენტი გამოკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ს შეადგენს.

კითხვაზე, „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“, რესპოდენტების 40%-მა ან უპასუხა, რომ „არცერთი პარტია“ ან თქვა, რომ არ იცის.

ამავე კითხვაზე, 16%-მა ანუ 2015 წლის ნოემბერში არსებულ 18%-ზე ნაკლებმა, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო დაასახელა, ხოლო 15%-მა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომლის რეიტინგიც ნოემბერთან შედარებით სტატისტიკურად უცვლელი დარჩა.

ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“, ნოემბრის მსგავსად, ამ ბოლო კვლევაშიც 9%-მა დაასახელა მასთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად; ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი კი გამოკითხულთა 5-5%-ს მოწონთ.

7%-მა სხვა პარტიები დაასახელა, რომლებშიც, კვლევის თანახმად, ის პარტიები შედიან, რომლებიც რესპოდენტების 3%-ზე ნაკლებმა მონიშნა. ამ სხვა პარტიებს შორის არიან: ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა; რესპუბლიკური პარტია; კონსერვატორები; ახალი  პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“; ახალი მემარჯვენეები; მრეწველები; ეროვნული ფორუმი. 

გამოკითხვა ჯერ კიდევ მანამ ჩატარდა, ვიდრე მმართველი კოალიცია ქართული ოცნება 31 მარტს გამოაცხადებდა, რომ მისი სუბიექტები (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; რესპუბლიკური პარტია; კონსერვატორები; მრეწველები; და ეროვნული ფორუმი) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიიღებენ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. 

იმის გამო, რომ კვლევა ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჩატარდა, კითხვარში, სადაც რესპოდენტებს თხოვენ პოზიციის დაფიქსირებას, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, პოტენციურ საარჩევნო სუბიექტებს შორის „კოალიცია ქართული ოცნება“ ფიგურირებს.

რესპოდენტების 66%-მა თქვა, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მასში მონაწილეობას მიიღებდა. ამ სავარაუდო ამომრჩეველების 36%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას, 13%-მა პასუხზე უარი განაცხადა და 4%-მა თქვა, რომ არცერთ პარტიას არ დაუჭერს მხარს. გამოკითხულთა 17% კოალიცია ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 14%-მა მხარდაჭერა ნაციონალურ მოძრაობას გამოუცხადა; 6%-მა – თავისუფალ დემოკრატებს; ხოლო 3-3%-მა ლეიბორისტულ პარტიას და პატრიოტთა ალიანსს.

“ჩვენს ბოლო კვლევებში გამოიკვეთა, რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ და არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას“,  – განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა, “მოსახლეობა უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებით და აცხადებს, რომ ისინი მათ ინტერესებს არ წარმოადგენენ; შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მოსახლეობა თავიანთ პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით გადაუწყვეტელია“. 

კვლევის თანახმად, რესპოდენტების 66%-ს სჯერა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად – ამგვარად, 2015 წლის აპრილში 59% ფიქრობდა.  

შარშან აპრილში არსებული 41%-დან ბოლო კვლევაში 56%-მდეა გაზრდილი იმ რესპოდენტების რაოდენობა, რომელთა აზრითაც, სასურველია, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ იყო ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; 2015 წლის აპრილის 30%-დან 25%-მდე შემცირდა მათი ოდენობა, ვინც თვლის, რომ ივანიშვილი უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული, თუმცა იმავდროულად უნდა ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა, ხოლო 3% ფიქრობს, რომ მის ჩართულობა დასაშვებია თანამდებობის გარეშეც – ამგვარი პოზიცია შარშან აპრილში 6%-ს ჰქონდა. 

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას „ძალიან კარგად“ და „კარგად“ 27% აფასებს, 42% საშუალო შეფასებას აძლევს, ხოლო „ცუდად“ და „ძალიან ცუდად“ მის საქმიანობაზე 6% ფიქრობს.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის საქმიანობას 34% დადებითად, 15% უარყოფითად და 35% საშუალოდ აფასებს.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობის მიმართ დადებითად 27%-ია განწყობილი, უარყოფითად 13%, ხოლო 50% საშუალო წარმოდგენისაა მის საქმიანობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საქმიანობა დადებითად აღიქმება 21%-ის მიერ; ურყოფითად 17%-ის, ხოლო 48% მას საშუალო შეფასებას აძლევს. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)