Site icon Civil.ge

ფარული მოსმენების წესები არაკონსტიტუციურად გამოცხადდა



აქტივისტებს 2014 წლის 19 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს ხელში ეკავათ შემდეგი შინაარსის ბანერები: „ისმინეთ ჩვენი ხმა – ნუ გვისმენთ“; "მოქალაქეებზე კონტროლის გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი იწერება"; "უკონტროლო მოსმენები დაკანონდა"; "შინაგან საქმეთა სამინისტრო – შენი ერთგული მესაიდუმლე"; "ჩვენ გვესმის თქვენი ისე, როგორც არავის"; "დეპუტატებო, ამომრჩეველს უსმენენ". ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

საკონსტიტუციო სასამართლომ 14 აპრილს გამოცხადებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული ის რეგულაციები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომის გზით მოსმენების განხორციელების საშუალებას აძლევს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად ცნო მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (ე.წ. მეტადატა) კოპირებისა და მათი 2 წლის ვადით შენახვის მოქმედი წესი. 

სასამართლომ კანონმდებლებს მოქმედი რეგულაციების შეცვლისთვის და შემდეგ ახალი წესების შესაბამისად შემოღებული სისტემის ინსტიტუციურ და ტექნიკურ უზრუნველყოფისთვის „ობიექტურად საკმარის ვადად“ 2017 წლის 31 მარტამდე პერიოდი განუსაზღვრა.

2014 წელს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მკაცრ წესებს უდგენს სამართალდამცავებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებაში, მათ შორის შესაბამისი ნებართვების სასამართლოდან მისაღებად დასაბუთების მაღალი სტანდარტის შემოღების კუთხით და ასევე ზრდის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის უფლებებს.

თუმცა მთავარი საკითხი, რომელიც 2010 წლიდან მოქმედებს კანონმდებლობაში და რომელიც საშუალებას აძლევს უსაფრთხოების სტრუქტურებს პირდაპირი მიერთება ჰქონდეთ მობილური ოპერატორების სერვერებზე განთავსებულ ე.წ. „შავ ყუთებთან“, კვლავ უცვლელი დარჩა.

სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეშფოთების შესამსუბუქებლად, რომლებიც „ეს შენ გეხება“-ს სახელით აქტიურ კამპანიას ახორციელებდნენ უკანონო თვალთვალის დიდი ხნის პრობლემის წინააღმდეგ, მთავრობა ე.წ. „ორგასაღებიანი“ სისტემის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. პარლამენტმა მთავრობის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიიღო, რამაც საშუალება მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროს (იმ დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა გასული წლის აგვისტოდან ის ცალკე სტრუქტურაა) შეენარჩუნებინა პირდაპირი წვდომა საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე. იმავე კანონმდებლობით განისაზღვრა  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლება, რომ სასამართლოს ნებართვის არსებობისას მხოლოდ მისი ელექტრონული თანხმობით შეძლებოდათ სამართალდამცავ სტრუქტურებს მოსმენების განხორციელება – ეს ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა სწორედ იმას ნიშნავს, რომ საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე პირდაპირი წვდომა დარჩა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თუმცა ის მოსმენების დამოუკიდებლად აქტივაციას ვერ შეძლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის გარეშე.

თუმცა, ამ მოდელმა მაინც ვერ შეამსუბუქა უფლებადამცველი ორგანიზაციების წუხილები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სანამ უსაფრთხოების სამსახურს კვლავ რჩება „შავი ყუთები“ საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე,  სამართალდამცავ სტრუქტურებს თავისუფლად შეუძლიათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით უკანონო მიყურადების განხორციელება.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მას ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ეს ვეტო დაძლია.

სახალხო დამცველის აპარატმა 2015 წლის დასაწყისში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და კანონმდებლობაში ამ სადავო დებულებების გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ეს რეგულაციები პირადი ცხოვრების საკონსტიტუციო უფლებას არღვევდა. ამას გარდა, სახალხო დამცველის აპარატმა თავის სარჩელში ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო ორგანოების უფლება, ჰქონდეთ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატა – ჩანაწერები, თუ რომელი ნომრიდან რომელზე განხორციელდა ზარები, როდის განხორციელდა ეს ზარები და რამდენ ხანს გაგრძელდა) კოპირების და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას.

ანალოგიური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში კამპანია „ეს შენ გეხებამაც“ შეიტანა 2015 წლის აპრილში. ეს ორი სარჩელი შემდგომ გაერთიანდა და საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება 14 აპრილს მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სატელეფონო მოსმენების განსახორციელებლად ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ფლობის, განთავსებისა და მისი უშუალოდ გამოყენების გზით ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების შესაძლებლობა, ასევე კავშირგაბმულობის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოსაპოვებლად სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება.

„სადავო ნორმები შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოიპოვოს პირადი ხასიათის ინფორმაცია განუსაზღვრელ პირთა წრის შესახებ. მართალია, არსებობს პრეზუმფცია, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანო ბოროტად არ ისარგებლებს ამ ტექნიკური საშუალებებით, თუმცა რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის (მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის) ფლობა, ადმინისტრირება და ამ საშუალებების გამოყენებით პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ასევე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს პრეს-რელიზში.

სასამართლოს აზრით, მოქმედი მოდელი, რომელშიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მინიჭებული უფლებამოსილება „ვერ ჩაითვლება ამ პროცესზე გარე კონტროლის საკმარის და ეფექტურ“ შესაძლებლობად,  „არა მხოლოდ ვერ გამორიცხავს, არამედ თავისთავად ზრდის უფლების დარღვევის საფრთხეს და ვერ ჩაითვლება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავ და პროპორციულ საშუალებად“.

სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითა, რომ მართალია მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და შენახვა „მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება“ და „დანაშაულის გამოძიებისათვის საჭირო მექანიზმს წარმოადგენს“, თუმცა ამ ფუნქციის იმ ორგანოზე დაკისრება, რომელიც თავად აწარმოებს გამოძიებას,  „ზრდის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კონსტიტუციური უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხეს“.

სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ 2 წლით ამ მონაცემების შენახვა „არაგონივრულად ხანგრძლივ პერიოდს“ წარმოადგენს და „იწვევს უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას“.

საკონსტიტუციო სასამართლომ იქვე მიუთითა, რომ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა არ გამორიცხავს სამაშველო სამსახურების მიერ კონკრეტული პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის ნაწილზე ხელმისაწვდომობას, მაგალითად, ისეთზე, რომელიც მას პირის ლოკაციის დადგენაში დაეხმარება,  თუმცა ეს „უზრუნველყოფილი უნდა იყოს განსაკუთრებულ შემთხვევებში სპეციალურად დადგენილი წესით“.

კამპანია „ეს შენ გეხება“ მიესალმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ეს „ქმნის მნიშვნელოვან პრეცედენტს იმისათვის, რომ ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობა გახდეს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)