რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი „ვერ შეეწინააღმდეგება“ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის გეგმებს რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.
მოსახლეობასთან თავისი ყოველწლიური ტელეხიდის შემდეგ, მან უთხრა ჟურნალისტებს 14 აპრილს, რომ მოსკოვი ამ თემას განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იმის გათვალისწინებით მიიღებს, თუ რა იქნება „საფუძველი“ ამგვარი რეფერენდუმისა და როგორი იქნება რეფერენდუმის კითხვის ფორმულირება.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა, რომელიც პუტინს მარტის ბოლოს შეხვდა, 11 აპრილს განაცხადა, რომ რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე, რომელიც მას საშუალებას მისცემს, რომ მოსკოვს ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების თხოვნით მიმართოს, „აგვისტომდე გაიმართება“.
კითხვაზე აპირებს, თუ არა მოსკოვი დათანხმდეს ცხინვალის რეგიონის შეერთებას რუსეთის ფედერაციაში და „იქნება თუ არა ეს ანექსია“, პუტინმა უპასუხა: „ჩვენ ჯერ არ განვიხილავთ ჩვენს ურთიერთობებს სამხრეთ ოსეთთან ამ კონტექსტში“.
“ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთი“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ეს აღიარება მოყვა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „სტრატეგიულ შეცდომას“ 2008 წელს, როცა მან სამხედრო ძალა გამოიყენა.
„ჩვენ ეს საკითხი დეტალურად არ განგვიხილავს სამხრეთ ოსეთის ლიდერთან. მან საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა პრობლემის მიმართ და განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას უნდა ამგვარი რეფერენდუმის ჩატარება. ჩვენ ამას ვერ შევეწინააღმდეგებით“, – განაცხადა პუტინმა.
„ჩვენ არაფერი გვაკავებს, გარდა თავად სამხრეთ ოსეთის ხალხის ინტერესებისა“, – დასძინა მან, „მაგრამ ჯერ არ ვიცით, რა იქნება ამ რეფერენდუმის საფუძველი, როგორი ფორმულირება ექნება კითხვებს; სწორედ ამის საფუძველზე ვიფიქრებთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)